#კინოდღიურების რუბრიკაში, საკუთარ ფავორიტ ფილმებზე ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე მოგვიყვება
1. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სტუდენტებს არასტანდარტული ლექცია უნდა ჩაუტაროთ: ეკონომიკაზე საუბრის ნაცვლად, კინოსეანსი უნდა მოუწყოთ. რომელ ფილმს უჩვენებდით და რა მისიით?
“ექიმი სთრეინჯლავი“. შეიძლება ეს უცნაურ გადაწყვეტილებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ფილმი არის, ალბათ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური სატირა და, ამავდროულად, თამაშთა თეორიის (ეკონომიკის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო განხრის) მშვენიერი ილუსტრაცია.

2. რომელია ფილმი, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაგეხმარათ?
მონტი პაითონის შედევრი “ბრაიანის ცხოვრება”

და განსაკუთრებით აი ეს, ბოლო სიმღერა “Always Look At The Bright Side Of Life”
3. რომელია ფილმი, რომელმაც თქვენი შეხედულებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეცვალა?
ეს იყო “მარათონელი“. თუმცა ალბათ იმდენად ფილმმა არა, რამდენადაც ფილმის გადაღებასთან დაკავშირებულმა ცნობილმა ისტორიამ: როდესაც მთავარი როლის შემსრულებელი დასტინ ჰოფმანი, ე.წ მსახიობური მეთოდის (Method Acting) მიმდევარი, ღამეებს ათენებდა, რომ როლში შესულიყო და ერთხელაც უძინარი, თვალებჩაწითლებული მივიდა გადაღებაზე. ლოურენს ოლივიემ, რომელიც უარყოფით პერსონაჟს თამაშობდა, გადმოცემის თანახმად, ამრეზით დახედა დასტინს და ჰკითხა: “ჩემო ბიჭუნა, უბრალოდ თამაში (acting) რატომ არ სცადე?”. და აი, ამ ამბავმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ჩემთვის მსახიობის ოსტატობა სწორედ თამაშშია და არა როლში “ძალადობრივად” შესვლაში

4. ფილმი, რომელსაც ხშირად უბრუნდებით არის:
“ამადეუსი“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ისტორიულ ფაქტებთან არაფერი საერთო არ აქვს, ეს ნამუშევარი ჩემი აზრით, შედევრია. სცენა, რომელშიც მომაკვდავი მოცარტი სალიერის რექვიემს კარნახობს, ალბათ, ჩემი საყვარელი სცენაა კინემატოგრაფში

5. და ბოლოს, რომელია ფილმი, რომელიც დღევანდელ დღეს ზუსტად ეხმიანება?
რა თქმა უნდა – “ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო”
