ჩვენ ყველას გვიყვარს საახალწლო პერიოდი და კინოსამყაროში ზამთრის ამ უქმეების დროს ყველაზე პოპულარული საყურებელი ფილმები რათქმა უნდა “მარტო სახლშის” კინოფრანჩიზაა.
ბავშვობიდან მახსოვს კევინ მაკალისტერი და მისი უზარმაზარი ოჯახი, რომელიც ყოველ საშობაო პერიოდში დიდ არდადეგებს იწყობს და დასასვენებლად ემზადება, თუმცა მუდმივად, გაურკვეველი მიზეზებით კევინი საკუთარ ოჯახს ეკარგება და სახლში მარტო რჩება. მოვლენები შემდგომ როგორც განვითარდა ყველამ ვიცით, თუმცა ბავშვური გულუბრყვილობით ჯო პეშისა და დენიელ სტერნის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მუდმივად მეცოდებოდნენ, რადგან კევინი მათ სრული ამ სიტყვის გაგებით ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს უწყობდა. ამასთან, 90-იანების ე.წ ბოევიკებზე გაზრდილს სულ მიკვირდა ამდენი მიყენებული ტრავმის შემდეგ სად იყო სისხლი. მაშინ არ ვიცოდი თუ რა იყო რეიტინგი და შეფასება, თუ ვის რა კატეგორია ფილმებისთვის შეეძლო ეყურებინა და არა. მას შემდეგ რაც გავთვითცნობიერდი კინოსამყაროსა და მასში მიმდინარე ზოგად პროცესებში, დავინტერესდი ისეთი საკითხით, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენც დაგაინტერესებთ. ვეძებ მუდმივად სახალისო ფაქტებს, რომელიც უკვე 100-ჯერ ნანახ სურათს განსხავებულს გახდის.
მიმდინარე ეტაპზე დავინტერესდი, თუ როგორი იქნებოდა მარტო სახლში იმ შემთხვევაში, თუ მას შტატების კინოასოციაცია R შეფასებას მისცემდა?
ამ შეკითხვაზე ძიების შემდგომ პასუხი ვიპოვე, რადგან ვიზუალურ ეფექტებზე მომუშავე ჯგუფმა, „The Corridor Crew“-მ, რომლებიც თავიანთ „Youtube Channel“-ზე მსგავსი კონტენტის შექმნით არიან დაკავებულნი, ცალი თვალით შეგვახედეს, თუ როგორი „მეწამული“ შესაძლოა ყოფილიყო მარტო სახლშის კინოფრანჩიზა მთლიანობაში. მათ, მაგალითად გამოიყენეს ერთ-ერთი სცენა, როდესაც ქურდები უკვე მაკალისტერების სახლის გასაძარცვად ემზადებიან ხოლო კევინი თავისი ქონების დაცვას აპირებს.
Corridor Crew-მ ხსენებული სცენის განახლებული ვერსიით მაყურებლებს სრულიად განსხვავებული და გროტესკული სანახაობა შესთავაზა, რითაც ხსენებულ სცენას მეტი რეალიზმი შესძინა.
ფილმის ორიგინალი სცენა შესანიშნავად არის შესრულებული და მისი ყურება ოჯახის ყველა წევრთან ერთად სიცილით არის შესაძლებელი, თუმცა იუტუბერების განახლებული ვერსია ტიპიური ოჯახური კომედიის ნაცვლად პატარა Hack and Slash-ად იქცა, რადგან მათ სცენრი ოდნავ სხვაგვარად განავითარეს… თითქოს ჯო პეშისა და დენიელ სტერნის პერსონაჟები ტურისტები არიან, რომლებიც Airbnb- ზე ოთახის დაქირავებას გეგმავენ. ეს სახლი მაკალისტერების აღმოჩნდა, შიგ მაცხოვრებელი პატარა კევინი არა საკუთარი სახლის დამცველი ახალგაზრდაა, არამედ მოზარდი ფსიქოპატი, რომელიც მასთან სახლში მისულ ტურისტებს აწამებს.