ქართველი მხატვარი, ლია უკლება, გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის And Then We Danced შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციას ეხმიანება და ამის საპასუხოდ ახალ ნახატს ქმნის.
“კაცები ცეკვავენ სამაიას ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის მისი შინაგანი მდგომარეობა. და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს”, — ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლია უკლება.
შეგახსენებთ, რომ შვედურ-ქართული ფილმის And Then We Danced რეჟისორმა, ლევან აკინმა The Guardian-თან ინტერვიუში იმ დაბრკოლებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ფილმს საქართველოში შეექმნა.
აკინი პირდაპირ ამბობს, რომ გადაღებების დაწყებამდე ის სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელს, ნინო სუხიშვილს შეხვდა, რომელსაც ფილმის თემატიკა არ მოეწონა.
“ფილმის გადაღებამდე ჩვენ შევხვდით ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელს, ნინო სუხიშვილს, რომლის რეაქციაც იყო ასეთი: რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!. ჩვენ რეალურად შეგვეძლო მისი დახმარება გამოგვეყენებინა, თუმცა მან დახმარების შესაძლებლობა არ მოგვცა. ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვადასხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა და მოცეკვავეები ფილმიდან დაბლოკა და რომ თუ ისინი ფილმში მონაწილეობას მიიღებდნენ, ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ”, — ამბობს აკინი.
აკინი საუბრობს იმაზეც, რომ სუხიშვილის ამ დამოკიდებულების შემდეგ, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაციის შეცვლაც მოუწიათ.
ლევან აკინს მალევე გამოეხმაურა ნინო სუხიშვილიც, რომელმაც აკინი ცილისწამებაში დაადანაშაულა.