2018 წლის იანვარში იდრის ელბამ ტვიტერზე ლუთერის ახალი სეზონის გადაღებების შესახებ დაწერა, და აი, 2019 წლის პირველ იანვარს BBC-ის ცნობილი კრიმინალური დრამა ოთხ-ეპიზოდიანი სეზონით ბრუნდება. თიზერიდან ჩანს, რომ მთავარი გმირი საშინელ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ჩაბნელებულ დერეფანში მისი ხმა ისმის: ეს მტკივნეული იქნება...
ვინ იქნებიან ახალ სეზონში?
გენიოსი დეტექტივის როლში კვლავ იდრის ელბას ვიხილავთ და კვლავ რთული გამოწვევების წინაშე. ასევე, ცნობილია რომ დაბრუნდება რუტ უილსონის გმირი ელისი, რომელიც ბოლოს მესამე სეზონის ფინალში ვნახეთ. ახალ თრეილერში მისი სისხლიანი სახე ჩანს…
სამსახიობო გუნდს შეუერთდა ახალი წევრი – ვუნმი მოსაკუ, რომელიც სერჟანტ კეტრინ ჰალიდეის თამაშობს. შესაბამისად, საეჭვოა, ეკრანზე დაბრუნდეს მეორე სერჟანტი – ემმა ლეინი, რომლის როლსაც როუზ ლესლი ასრულებდა.
ჰერმიონ ნორისი ფსიქიატრ ვივიენ ლეიკის როლში იქნება. სწორედ ის დაეხმარება ლუთერს, ამოხსნას ბრუტალური მკვლელობების სერია.
რა მოხდება ახალ სეზონში?

RadioTimes.com-თან ინტერვიუში იდრის ელბამ თქვა: ეს კლასიკური ლუთერი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ველოსიპედის თავიდან გამოგონებას.
სცენარისტმა ნილ ქროსმა კი განაცხადა: “ახლა როგორ გავაგრძელოთ?” – ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც ბოლო სერიის შემდეგ გვაწუხებდა. ლუთერი ხომ დასასრულს ლონდონის ქუჩებში, მძიმე მდგომარეობაში ვნახეთ. მას ბევრი დაუმთავრებელი საქმე დარჩა... თუმცა, ამ ქუჩებში მძიმე დანაშაულის შემთხვევები ხდება, მათი შეჩერება კი ჯონ ლუთერის გარდა არავის შეუძლია.
სცენარისტმა ერთი ამბავიც გაიხსენა: ჩემს ძველ მეგობარს დავურეკე და მასთან საუბრიდან დავასკვენი, რომ მაყურებლისთვის ისტორიის ასე დატოვება არ შეიძლებოდა. ყველას აინტერესებდა, როგორ გაგრძელდებოდა ლუთერის ამბავი. სწორედ ამიტომ, ის ბრუნდება.

ახალი სეზონისა და საკუთარი გმირის შესახებ ისაუბრა რუტ უილსონმაც.
როდესაც ახალი სეზონის სცენარს გავეცანი, გავიფიქრე, მსგავს პროექტზე მართლა არასდროს მიმუშავია-მეთქი. სხვათა შორის, როცა სულ პირველად სერიალში თამაში შემომთავაზეს, უარი ვთქვი, მაგრამ მალევე ვინანე. ამიტომ, როცა მეორედაც შემომთავაზეს ეს როლი, შესაძლებლობა ხელიდან აღარ გავუშვი და მუშაობას შევუდექი. ვიცოდი, ეს როლი ჩემი ბედისწერა იყო. ვერავინ იფიქრებდა იმ ეფექტზე, რაც მოგვიანებით მოხდა. ვფიქრობ, ეს ჩემი და იდრის ელბას დამსახურებაა, ჩვენ შორის განსაკუთრებული ქიმიაა.
უილსონის გმირი, ფაქტობრივად, ჰანიბალ ლექტორის ქალი ვერსიაა და ამიტომ, ამ როლის თამაში დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვდა.
იმდენად უნიკალური გმირია, რომ შეუძლებელია, მაყურებელს არ მოეწონოს. მასზე ნილმა (სცენარისტი) განსაკუთრებულად იმუშავა. ხშირად ხომ ვერ ნახავთ ეკრანზე ფსიქოპათ ქალს, რომელსაც მოსწონს ის, რასაც აკეთებს. მსგავს ტიპაჟებს მხოლოდ კაცები ასრულებენ... ჩემთვის ეს განსაკუთრებული თავისუფლება იყო, რადგან უმეტესად შეზღუდულ გმირებს ვთამაშობ, გმირებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რა არის ცუდი და რა – კარგი. ასეთი შეზღუდვა კი ელისს არ აქვს. სხვათა შორის, მე ეს პროექტის დაწყებისას ვერ გავიაზრე. მხოლოდ მუშაობის დროს მივხვდი, რომ ის იშვიათი ცხოველია. ვფიქრობ, ელისი მაყურებელსაც მოსწონს, ისინი სერიალის მიმდინარეობაში განსაკუთრებულად არიან ჩართულები.
ახალი სეზონის სინოფსისი
უმთვარო ღამეების ლონდონის ბნელი საქმეების გამოსააშკარავებლად დეტექტივი ლუთერი ბრუნდება.
საქმეში, რომელიც მოიცავს საშინელ მკვლელობებსა და დანაშაულის ჩახლართულ სქემას, რომელშიც, მკვლელებთან ერთად, საზოგადოებაცაა ჩართული, ლუთერი და მისი ახალი ასისტენტი, კეტრინ ჰალიდეი ერთვებიან. სწორედ იმ მომენტში, როდესაც დეტექტივი საქმის ბოლომდე მიყვანასთან ახლოს არის, ჩნდებიან ძველი დემონები მისი წარსულიდან. ცეცხლის ხაზზე მყოფს, მოუწევს, არჩევანი გააკეთოს – ვინ გადაარჩინოს და ვინ შესწიროს მსხვერპლად. ლუთერის თითოეულ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება, რაც რადიკალურად ცვლის როგორც მისი, ასევე მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრებას.
ლუთერი
წყარო: www.collider.com; www.radiotimes.com
მოამზადა გიორგი კარანაძემ