ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
უწყვეტობა მიყვარს, რადგან ამ დროს განსაკუთრებული დაძაბულობა გაქვს. ყველა ბევრად უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე მოკლე კადრებისას. ძალიან მომწონს რაღაცების ნელ-ნელა აწყობა, სცენების წარმოდგენა. ეს პიესას ჰგავს, თუ როგორ შეგვიძლია რაიმეს თქმა, რაიმეს თქმა ცხოვრების შესახებ… ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ფილმის კეთება ნამდვილ ფსიქოლოგიურ პროცესს ემსგავსება.
ბელა ტარი
კინოს ძირითადად იმიტომ აკეთებენ, რომ დროს გაექცნენ. როდესაც ადამიანები ამბობენ: “უჰ, კარგი დრო გავატარე. ვერც კი ვიგრძენი, დრო როგორ გავიდა”, რეალურად საკუთარი სიცოცხლის ორი საათით გაძარცვას გულისხმობენ.
შანთალ აკერმანი
დამოუკიდებელ კინოში ერთი ასეთი ჟანრი არსებობს – ნელ კინოს უწოდებენ, და ის გრძელი, უწყვეტი კადრებით, სიუჟეტის მდორე განვითარებით, მინიმალისტური, დამკვირვებლური ხელწერით და მცირე ნარატივით ან მისი სრული უქონლობით ხასიათდება. ჟანრს სხვანაირად ჭვრეტის კინოდაც მოიხსენიებენ. მართლაც, როდესაც ასეთ კინოს უყურებ, შეუძლებელია, შენი სულის მჭვრეტელობითი ბუნება არ გამოცოცხლდეს და ფსიქიკის არაცნობიერ დინებაში არ ჩაიძირო.
ჟანრის წინაპრებად ანდრეი ტარკოვსკის, ინგმარ ბერგმანს, მიქელანჯელო ანტონიონს, ალექსანდრე სოკუროვს, ბელა ტარს, შანთალ აკერმანსა და თეო ანგელოპულოსს ასახელებენ. ანგელოპულოსი, საერთოდ, ნელი კინოს მოძრაობის ხატად არის აღიარებული.
ნელი კინოს თანამედროვე წარმომადგენლები კი ლავ დიასი, აპიჩატპონგ ვერასეტაკული, პედრო კოსტა, ცაი მინ-ლიანი, შარუნას ბარტასი და კარლოს რეიგადასი არიან.
ბოლოდროინდელი ანდერგრაუნდ მოძრაობა – რემოდერნიზმი ასევე იზიარებს ნელი კინოს მგრძნობელობასა და ხედვას (ფრედ კელემენის და სკოტ ბარლის ფილმები).
ნელი კინო არ გულისხმობს, რომ ფილმი აუცილებლად ხანგრძლივი, მრავალსაათიანი უნდა იყოს. მაგალითად, ბრიტანელი ექსპერიმენტალისტი ბენ რაივერსი ძირითადად მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებს. ყველაზე გრძელი ფილმების გადაღებით ფილიპინელი რეჟისორი, ლავ დიასია ცნობილი. მისი ზოგიერთი ფილმი ექვს, შვიდ, რვა საათს გრძელდება. შარშან, თბილისის კინოფესტივალზე მისი ფილმი – ქალი, რომელიც წავიდა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ფილმის ქრონომეტრაჟი არ ნიშნავს, რომ ის უპირობოდ ნელი კინოს ჟანრია.
ნელ კინოში დიზაინის მთავარი შემადგენილი ნაწილი ხმაა, რომელიც, ატმოსფეროსთან მთლიანად შერწყმული, ემბიენტური და ბუნებრივია. ხმა და გამოსახულება ისე მოქმედებს, რომ ის მაყურებლის თვალისგან მოითხოვს სამუშაოს, მის მზერას ანდობს მეტ “ფიქრს”, რაც მისტიკური, არაცნობიერი შრის, საიდუმლო გრძნობების გამოღვიძებას იწვევს. ზოგიერთ რეჟისორთან მისტიკური ელემენტი ფილმის მთავარი ღერძია, ჩვენება იმისა, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და ირეალობას შორის. ამ შემთხვევაში, უპირველესად, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული უნდა ვახსენოთ, რომელთანაც მაგიურ, პირველყოფილ ძალებს, რეინკარნაციას, ცხოველების კულტს, მითებსა თუ ლეგენდებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც თქვენგან დალოცვილმა პრიზი მოიგო კანის ფესტივალზე, სტუდია დაინტერესდა და სადისტრიბუციო უფლებები იყიდა, მაგრამ მათ არ ესმოდათ ამგვარი ფილმების; მათ ფილმი მრავალ-კინოდარბაზიან შენობებში გაუშვეს, მოსული მაყურებელი კი გასართობ სანახაობას ელოდა. ასე რომ, ადამიანები ნამდვილად იმედგაცრუებულები დარჩნენ. როგორც ვერასეტაკული, ისე ნელი კინოს სხვა რეჟისორები, ხშირად საუბრობენ, რომ მათ ვერ უგებენ, რომ მათ ფილმებს ფართო მაყურებლისთვის მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს.
რამდენად საკვირველიც უნდა იყოს, ნელ კინოს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის მაყურებლის მიმართ ინდიფერენტულია, რომ საერთოდ არ ეხმიანება დღევანდელ მოცემულობას. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი მხოლოდ აწმყო არ არის, რომ შესაძლოა, სწორედ იმ სულიერის და მისტიურის დაბრუნებით და აღდგენით შეიცვალოს სამყარო, რაზეც ნიცშე, ბერდიაევი (სულიერების მთელი შინაარსი ქრება მაშინ, როცა ცნობიერების სფეროში მიზანს მხოლოდ სიამოვნება და ბედნიერება წარმოადგენს) თუ იუნგი (ემპირიული ჭეშმარიტება ადამიანს ემოციური მიბმულობისგან არ ათავისუფლებს. სიმბოლური ჭეშმარიტება შთაგონების დიდ ძალას გვიმხელს. იაზროვნო სიმბოლურად – აღმზრდელობითი ხასიათისაა და შინაგან პროგრესს უწყობს ხელს) საუბრობდნენ. ის, რაც დავკარგეთ, რაც უნდა აღდგეს. ვფიქრობ, ნელი კინო ამ დანაკარგის ძიებაცაა. ტექნოცენტრისტული სამყარო, სადაც ყოველგვარი მიღმიერი უგულებელყოფილია. მაყურებლისთვის, რომელიც გრძნობს ამ დანაკლისს, ნელი კინო სასუნთქი საშუალებაა.
ნელი კინო თანამედროვე სამყაროში ერთგვარი დივერსიაცაა. ის ჩვენს სწრაფ, დაჩქარებულ, შემოკლებულ, დაჩეხილ, დაჭრილ-დამონტაჟებულ დროს უპირისპირდება. ნელ კინოში დროს არავინ გვართმევს, პირიქით, ის დროს გვიბრუნებს და მასში გვრთავს.