ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
დევიდი, სილვა, ლუ, ფსიქე, ივანა, ლეა, ომარი და სხვები საცეკვაოდ იკრიბებიან. ცეკვა მათი ცხოვრება, არსებობის საზრისი, სიცოცხლის წყაროა. მოულოდნელად, საცეკვაო მოედანზე მხიარული სიტუაცია მკვეთრად იცვლება: ადამიანებიდან ეშმაკები იწყებენ გადმოსვლას და ყველაფერს ჯოჯოხეთის ალში, მოგიზგიზე წითელ ცეცხლში ხვევენ.
“ექსტაზი“ (ორიგინალში “კლიმაქსი“ ან შეიძლება ასევე ითარგმნოს, როგორც “კულმინაცია“) არგენტინელი ავტორის, გასპარ ნოეს მეხუთე ფილმია. ნოე 1998 წლიდან დაწყებული (პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ერთი ყველას წინააღმდეგ), ერთ ძირითად თემას უტრიალებს: ადამიანს და მის შინაგან დემონებს. რეჟისორი მთელი ამ წლების განმავლობაში მაყურებელს ყოველი ახალი ნამუშევრით, გამუდმებით კონფროტაციაში ამყოფებს, აშინებს, თრგუნავს, ძალადობს და ამას პირველ რიგში კონტროვერსიული თემებითა და გრაფიკული, ძალადობრივი, ზედმეტად სექსუალური სიუჟეტებით ახერხებს. ის ახალი ფრანგული ექსტრემის კაშკაშა ვარსკვლავია და კარგად იცის, საიდან უნდა მოუაროს თანამედროვე მაყურებელს, მაყურებელს, რომელიც ტელევიზორის ეკრანიდან თუ ინტერნეტით დიდი ხანია უკვე შეეჩვია ისეთი კადრების ნახვას (სიკვდილი, ომები, მკვდარი სხეულები პირდაპირ ეთერში, წამების ვირალური ვიდეოები), როგორსაც კინო ვერასოდეს, ვერანაირად “მიბაძავს“ და გაიმეორებს. ნოემ ეს კარგად იცის, და ისიც კარგად იცის, როგორ შეფუთოს თავისი ფილმები “სკანდალურ“ და “ეპატაჟურ“ საბურველში.

“ექსტაზი“ უკნიდან იწყება. პირდაპირი გაგებით. მაყურებლის წინ ტიტრები იწყებს ჩამოსვლას. ვკითხულობთ შემოქმედებით ჯგუფს, დამფინანსებლებს, საუნდტრეკს, სპეციალურ სამადლობელს. ფინალსაც გვანახებს, უკვე ისიც ვიცით რა მოხდება ბოლოს, თუმცა… თუმცა ჯერ პროცესია. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ფილმის შუაში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით სიტყვების პირისპირ. ეკრანზე მონაწილე მსახიობების სახელ-გვარები და არარსებული სარეკლამო სლოგანები ჩნდება. სიტყვების თამაშით ნოე პატივს ფრანგ დიდოსტატს, ჟან-ლუკ გოდარს მიაგებს. ტიპოგრაფიკული მეთოდით მაყურებელთან თამაში მისი ერთ-ერთი საყვარელი ხერხი იყო. საერთოდ, “ექსტაზში“ ძალიან ბევრი გავლენებია, რომლებიც არათუ სიმბოლურ დონეზე ირეკლება, არამედ მკაფიოდ, პირდაპირ ეკრანზე ჩანს. ფილმის პირველ ნაწილში, როდესაც მონაწილეების ინტერვიუებს ვუსმენთ, ერთ მხარეს წიგნებია ჩამომწკრივებული, მეორე მხარეს ვიდეოკასეტები. ყველა მათგანი, ყველა ეს სახელი თუ სათაური ნოეს ინპირაციის წყარო და მოგონებებია (ლუის ბუნუელი, ლარს ფონ ტრიერი, დარიო არჯენტო…). როდესაც სოფია ბუტელას გმირის შეშლილ ცეკვას უყურებთ, შეუძლებელია არ გაგახენდეთ ანჟეი ჟულავსკის ეშმაკით შეპყრობილი და მისი გმირი ანა, რომელსაც იზაბელ აჯანი ასრულებს.
ფილმი ერთ საცეკვაო მოედანზეა გადაღებული. არავითარი კონკრეტული მინიშნება ლოკაციასა თუ მომხდარ “რეალურ“ ამბავზე. ჩვენ არაფერი ვიცით, ვინ, რატომ, რისთვის იწვევს ამ ხალხს საცეკვაოდ ან რატომ უყრიან ნარკოტიკს სასმელში. ეს ყველაფერი მეორეხარისხვოვანია. მთავარი “ექსტაზში“ ეს ადამიანის სხეულია. რა ემართება მას, როგორ გადაადგილდება სივრცეში და დროში, როგორ ურთიერთობს ერთი სხეული მეორესთან. გასპარ ნოეს კამერა მისთვის ჩვეული დრამატული მოძრაობებით, გმირების მსგავსად, მთლიანად ბრუნავს და ტრიალებს. კამერით ის კვლავ კლაუსტროფობიურ აურას ქმნის, შეიძლება შემოქმედებაში ყველაზე მძაფრსაც კი. მკვეთრი წითელი, ლურჯი, მწვანე, კიდევ უფრო აძლიერებს ამოტრიალებულ, თავდაყირა სცენებს. გარდა იმისა, რომ მთელი ფილმის განმავლობაში დაძაბული ხარ, ნოე თან შენს გართობას ცდილობს და ამას წარმატებით ახერხებს. თან ვიზუალით გაბამს – ეკრანს თვალს ვერ წყვეტ. ხანაც ნანობ, რომ აყევი და დაემორჩილე.
ყოველი ორი-სამი წუთის შემდეგ, ახალი განსაცდელი დგება. ადამიანში დაბუდებული, დათრგუნული სურვილები გამოვლენას იწყებენ. მკვლელობა, გაუპატიურება, ინცესტი, ყველა არკძალული ცოდვა სააშკარაოზე გამოდის. ნოე არაფერს უფრთხის, მისთვის ჰომოსექსუალური ნარატივი, ჰეტერონორმატული საზოგადოების ზუსტი ასლია, ცხოვრების ერთი და იგივე ტანჯვა-წვალებით, სიყალბითა თუ მიზნებით. აქ კითხვა უპირატესობაზე აღარ ჩნდება.

მაყურებელი თანამედროვე ბაკქანალიის მომსწრე ხდება. ძველ რომში ეს ველური და მისტიკური ფესტივალი საიდუმლოდ ტარდებოდა. ლხინის დროს ცეკვით შეშლილი მენადები ნადირს ცოცხალად გლეჯდნენ და მათ სისხლს სვამდენენ. ცხოველების ნაცვლად, ზოგჯერ მსხვერპლი ადამიანიც იყო. რიტუალური მოძრაობა ადამიანის არსების არქაული ნაწილია, როდესაც მთლიანად თავისუფლდები და გონება ტემპის “მონა“ ხდება. ამგვარი რემინისცენციით ცეკვა თანამედროვე საზოგადოების კრიტიკაცაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს სინამდვილისგან თავის დაღწევას, რომელმაც ფსიქოლოგიური თერაპიის ისეთი მეთოდიც კი გამოიგონა, რასაც “LSD ფსიქოთერაპიას“ უწოდებენ (ერთ-ერთ ბოლო კადრში ჩანს წიგნი ამ სახელწოდებით და ვხედავთ გმირს, რომელიც თვალში LSD-ს იწვეთებს). მნიშვნელობა არ აქვს, გათიშვა ნარკოტიკით მოხდება, ცალკე ალკჰოლით, თუ მხოლოდ ცეკვით. ყველაფერი რაც კონტროლს გვაკარგვინებს, ზღვარგადასული ან მხეცურად აღსაფრთოვანებელია, ჯოჯოხეთთან წილნაყარია.
“ექსტაზის“ ფინალში კულმინაციური მომენტია, როდესაც დიდი ასოებით ჩნდება C L I M A X და კინოთეატრის ეკრანი შავდება. მოულოდნელად დარბაზი დეზორიენტირებული, დაბნეული და გაურკვევლობაში მყოფია (მარტო ამ ეფექტის ნახვა რად ღირს!). თავის ფინალზე ყველაზე უკეთ კი, თავად ავტორი იტყვის: პირდაპირ გეტყვით, თუ რატომ გადავწყვიტე მეჩვენებინა ფინალური ტიტრები თავში: მე ძველი ტრადიცია მომწონს, როდესაც ფილმი ერთი სიტყვით სრულდება. 1960 წლამდე თითქმის ყველა ფილმი ამ ერთი სიტყვით, “დასასრული“ მთავრდებოდა. ახლა კი ფილმის ბოლოს, დაუსრულებელი წარწერებია. ეს კულმინაციას კლავს. მე კი მსურდა, ჩემს ფილმს ნორმალური დასასრული ჰქონოდა. ერთი ზედმეტი ნოტის გარეშე.
P.S.
“ექსტაზი” აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ, რომელიც უკვე გადის კინოთეატრ “ამირანსა” და “კავეა ისთ ფოინთში“.