დისნეის ფილმები, ცხადია, ყველას გვიყვარს, მაგრამ რაც უნდა საოცარი და უნიკალური გვეჩვენებოდეს ეს ფილმები, კლიშეებს ვერც ისინი გაექცნენ. ეს არც არის გასაკვირი – მათი უმეტესობა ხომ ზღაპრების ადაპტირებულ ვერსიებს წარმოადგენს, ზღაპრებში კი ყველაფერი ჟანრის კანონებს ემორჩილება. ამგვარად, კლიშეები დისნეის ანიმაციების სიკეთეებს ბევრს ვერაფერს აკლებს, ზოგი მათგანი კი უკვე საფირმო ნიშნად არის ქცეული.
ასეა თუ ისე, დღეს გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ 15 ყველაზე გავრცელებული კლიშე, რომლებსაც დისნეის ფილმებში ყველაზე ხშირად ვაწყდებით. გაეცანით და თავად გადაწყვიტეთ, გაწუხებთ თუ გსიამოვნებთ ეს კლიშეები საყვარელ ანიმაციებში.
1. ერთი ნახვით შეყვარება / სიყვარული ყველა პრობლემას აგვარებს
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლიშეა დისნეის ფილმებში. ის ლამის ყოველ მათგანში გვხვდება. დისნეის ანიმაციების მთავარი სიუჟეტური ხაზი ხომ სიყვარულზეა აგებული. დისნეის გმირების სიყვარული მართლაც ზღაპარივით არარეალურად ვითარდება. ერთი ნახვით შეყვარება არ კმარა, ეს სიყვარული გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ გმირებს ერთმანეთი დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ; გარდა ამისა, სიყვარული სასწაულებს ახდენს – პრინცის ჯადოსნური კოცნა აღვიძებს პრინცესას, და არამარტო აღვიძებს, აცოცხლებს კიდეც. საბედნიეროდ, ვილანებს არავინ უყვართ, თორემ მათ ვინ დაამარცხებდა!
2. მშობლების სიკვდილი
თუ ცხოვრებისეული თავგდასავლები გელით, ესე იგი ობოლი ხართ – ეს დისნეის დაუწერელი კანონია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანიმაციები პირველ რიგში ბავშვებისთვის იქმნება, მხოლოდ მზის სხივებითა და ცისარტყელებით სავსე არაა. როგორც ცნობილია, უოლტ დისნეის სევდიანი ცხოვრებისეული მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რომ თავის ფილმებში მშობლების თემა ასე მტკივნეულად გაეშუქებინა. ერთ-ერთი პირველი მეფე ლომი გვახსენდება, თუმცა ამგვარი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან მშობლებისა და ნათესავების დაკარგვა დისნეის ფილმების გავრცელებული თემაა.
3. სიმღერა, სულისკვეთებით “მე მინდა”
დისნეის ანიმაციების დიდი ნაწილი მიუზიკლია, რაც ნიშნავს, რომ ფილმებში ხშირია სიმღერები. ერთ-ერთი თემა, რომელიც მთავარი პერსონაჟის ვრცელ სასიმღერო ნომერში გაიჟღერებს აუცილებლად არის “მე მინდა”, სადაც იგი თავის მიზნებსა და ოცნებებზე მღერის. ასეთი სიმღერებია: ჰერკულესში “Go the Distance”, მულანში “I’ll Make A Man Out of You”. პატარა ქალთევზაში კი – “Part of Your World”.
4. ყველას ფავორიტი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, რომელსაც კომედიური მსახიობი ახმოვანებს
ალადინში რობინ უილიამსის მიერ გაცოცხლებული ჯინის გამოჩენამდე დისნეი მთავარ პერსონაჟებს მეტ ყურადღებას აქცევდა. კომედიანტის მიერ გახმოვანებული ჯინი იმდენად ქარიზმატული, მხიარული და სახასიათო გამოვიდა, რომ სტუდიაში მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისთვის გაცილებით დიდი დროისა და ადგილის დათმობა დაიწყეს. შედეგად, მივიღეთ ფილი (დენი დევიტო)ჰერკულესიდან; ანიმაციიდან – კუზიანი ნოტრ დამიდან (ჯეისონ ალექსანდერი) – ერთ-ერთ გარგულია; მუშუ (ედი მერფი) მულანიდან და ა.შ.
5. შთამბეჭდავი გარეგნობის, ქარიზმატული ვილანი
თუ მკვეთრი პიროვნულობითა და ხასიათით გამოირჩევით, ამასთან, გიყვართ თვალისმომჭრელი სამოსი, დიდი შანსია, დისნეის ვილანი იყოთ. აშკარაა, რომ დისნეის “ცუდი” ბიჭები და გოგოები სტილის ბრწყინვალე შეგრძნებითა და შთამბეჭდავი გარეგნობით გამოირჩევიან. ურსულა ამის მშვენიერი მაგალითია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვებიც: ჰადესი, გასტონი, კრუელა, ჯაფარი, სკარი და სხვ.
6. ვარსკვლავების ცქერა დასამშვიდებლად და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად
ყველას გვესმის, რომ ღამით ვარსკვლავიანი ცის ცქერა ნამდვილად დამამშვიდებელია, მაგრამ დისნეის პერსონაჟები ამ აქტს არამარტო დასამშვიდებლად, საკუთარი ცხოვრების გადასახედად და გადაწყვეტილებების მისაღებადაც იყენებენ. მაგალითად, მეფე ლომი, როცა სიმბა ცაში მუფასას თანავარსკვლავედს ესაუბრება, რაპუნცელში კი ვარსკვლავების ფუნქციას მფრინავი ფარნები ითავსებენ. ვარსკვლავებს შესცქერიან ალადინი და ჟასმინიც. მოკლედ, ღამის ცაში რაღაც სასწაულმოქმედება იმალება.
7. პროტაგონისტის გარიყულობა ან სოციუმიდან მოკვეთა
ყველა დადებითი გმირი აწყდება სირთულეებს ცხოვრების გზაზე, მაგრამ დისნეის ფილმებში ერთ-ერთი სირთულე საზოგადოების ზეწოლა უნდა იყოს. დისნეის გმირები ხშირად საზოგადოებისგან გარიყული, მარტო მცხოვრები ან თავისი ნებით განცალკევებული პირები არიან. მულანი, სიმბა, კვაზიმოდო – თითოეული მათგანი იძულებულია, მარტო შეეჭიდოს თავის განგებას.
8. ალუზიები და პაროდიები თანამედროვე პოპკულტურაზე
ეს მოვლენა არა იმდენად კლიშეა, არამედ საფირმო ნიშანი. პოპკულტურაზე ალუზიების დიდოსტატი ისევ და ისევ ჯინია – აგრაბაში, რომელიც წესით და რიგით შუა საუკუნეების აზიაა, ჯინი ალადინს უჩვენებს თანამედროვე მანქანებს, იღებს თანამედროვეობის პოპულარული პირების სახეს და სხვა; კიდევ ერთი მაგალითია ზოოტოპია, რომელშიც ბევრჯერ გვხვდება პოსტერები, რომლებიც დისნეის სხვადასხვა ფილმისა და პოპკულტურის ამა თუ იმ პროდუქტის პაროდიას წარმოადგენს.
9. მორცხვი და ცოტათი უხეირო პროტაგონისტი
მორცხვი, მორიდებული მთავარი გმირი დისნეისთვის უცხო არაა. ასეთია ანა გაყინულიდან, ტარზანი, ალადინი და რაპუნცელი. მათ უხერხულობისთვის სხვადასხვა მიზეზები აქვთ, თუმცა ფაქტი ისაა, რომ გარემომცველებთან თავს მორიდებულად გრძნობენ.
10. მომხიბვლელი, თუმცა ერთფეროვანი პრინცი
ეს კლიშე განსაკუთრებით დისნეის ადრეულ ფილმებს ახასიათებს. მაგალითად, კონკიას მომხიბვლელი პრინცი, რომელიც მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ მასზე მეტი არაფერი ვიცით. ასეთი მოსაწყენი პრინცები გახლავან ფიფქიას და ავრორას რჩეულები. თანამედროვე ეპოქამ პრინცების იმიჯზე დადებითად იმოქმედა და დღეს გაცილებით სახასიათო უფლისწულები გვხვდებიან.
11. პერსონაჟი, რომელიც გარეგნობას იცვლის
ეს კლიშე ვილანსაც ერგება და პროტაგონისტსაც. ასეთია დედოფალი ანიმაციიდან ფიფქია და შვიდი ჯუჯა, რომელიც საწამლავს სვამს და მოხუცი კუდიანის გარეგნობას იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ ფიფქია მასზე ლამაზი ჰგონია. გარეგნობას იცვლის ალადინიც, რომელსაც ჟასმინის გულის მოგება სურს, მულანი ჯარში წასასვლელად გადაიცვამს ბიჭად, ხმელეთზე ცხოვრების მოსურნე არიელი კი კუდის ფეხებში გასაცვლელად ხმას წირავს.
12. პერსონაჟის გარეგნობითა და ჩაცმულობით შეგიძლია მიხვდე, რას უნდა ელოდე მისგან
წესით, პრინცესა ადვილი საცნობია, მაგრამ სხეულის ფორმები, გარეგნობა და ჩაცმულობა არამარტო მათზე მიგვითითებს. მაგალითად, პრინცესას, გინდაც დროებით მოახლე იყოს, აქვს გრძელი თმა, სიფრიფანა სხეული, დიდი თვალები და ლამაზი სახე. რაც შეეხება ვილანებს, მათი სიბოროტე ჩაცმულობითაც კი შეგვიძლია ამოვიცნოთ. გარდა ამისა, ხშირად აქვთ ჩამუქებული წრეები თვალების გარშემო, სამოსში კი უპირატესობას შავ ფერს ანიჭებენ. საუკეთესო მეგობრები ხშირად არიან ზორბა ტანის, ხალისიანი, ხანდახან მოსულელო ტიპები, ხან კი პირიქით – ჩუმები და სერიოზულები. რასაკვირველია, ეს კლიშეც დროთა განმავლობაში თანდათან იცვლება.
13. მეგობრული ცხოველები სრულიად ადამიანური ქცევებით
არ ვსაუბრობთ ზოოტოპიასა და რობინ ჰუდზე, სადაც ყველა პერსონაჟი ცხოველია. ვგულისხმობთ ისეთ ფილმებს, სადაც ცხოველები მთავარი გმირების ან ვილანების ერთგული მეგობრები არიან. ისინი ხშირად იქცევიან ადამიანურად, ავლენენ წარმოუდგენელ გონებამახვილობას და ზოგჯერ ლაპარაკობენ კიდეც, თუმცა აუხსნელია, რატომ. მაგალითები: კონკია, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ალადინი, პოკაჰონტასი და სხვები.
14. პრინცესა, რომელიც თავს “დატყვევებულად” გრძნობს
შეიძლება ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამეფო ოჯახი და სიმდიდრე ძალიან კარგია, თუმცა დისნეი ცდილობს, საწინააღმდეგოში დაგვარწმუნოს. მისი ანიმაციები გვიჩვენებენ, რომ არისტოკრატი მშობლები ბედის საჩუქარი სულაც არაა, სასახლეში ცხოვრება კი ძალიან მოსაწყენია. პრინცესები – ჟასმინი და რაპუნცელი, მიუხედავად ფუფუნებისა, თავს ტყვედ გრძნობენ და ჩაკეტილი ცხოვრებისგან გაქცევას ცდილობენ. მერიდა და ელზა კი თავისუფლების გამო საცხოვრებელ ადგილსაც კი იცვლიან. მოკლედ, დისნეის პროტაგონისტ პერსონაჟებს უზრუნველად ცხოვრებას თავისუფლება ურჩევნიათ.
15. მთავარი გმირი აუცილებლად შეიგნებს, რომ თავის სხვა ტიპად გასაღებას აზრი არ აქვს
დისნეის თანამედროვე ფილმებმა ზემოთ ჩამოთვლილი კლიშეების უმეტესობა დაივიწყეს, თუმცა ეს მაინც დარჩა – მთავარი გმირი, რასაც არ უნდა გეგმავდეს ის, ბოლოს და ბოლოს აუცილებლად ხვდება, რომ სისულელეა, თავი იმად მოაჩვენოს, ვინც არაა.
საკუთარ თავთან გულწრფელობა დღემდე ერთ-ერთი მთავარი თემაა. ალადინი ხვდება, რომ არ ღირს ჟასმინის მოტყუება და თავის პრინცად გასაღება; როცა მულანის ქალობა გამოაშკარავდა, მან მაინც განაგრძო ბრძოლა; ტარზანმა უარი თქვა ცივილიზებულ საზოგადოებაში გადასახლებაზე და ა.შ. შეიძლება ეს კლიშეა, მაგრამ მესიჯი ნამდვილად მართებულია. ის გვასწავლის, რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარი რეალური და არა გამოგონილი თავის შეყვარება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხარ.