ჰოლივუდის ხსენებაზე უმეტეს ჩვენგანს კაშკაშა სინათლეები, ლოს-ანჯელესის ვრცელი ბულვარი და მისკენ მიმართული უამრავი ოცნება წარმოგვიდგება. სანამ ჰოლივუდში ავსტრალიელი მსახიობები წამყვან ადგილას დაიკავებდნენ, მრავალი იქაური ახალბედა ცდილობდა, დიდი ინდუსტრიისკენ გზა გაეკვალა. ასეთები იყვნენ დღეს უკვე ლეგენდებად ქცეული ქეით ბლანშეტი, რასელ ქროუ, ჰიუ ჯეკმანი, ჰიტ ლეჯერი, როუზ ბირნი, მარგო რობი, ძმები: ქრის და ლაიამ ჰემსუორთები და, რაც მთავარია, ნიკოლ კიდმანი.
თავისი 30-წლიანი კარიერის მანძილზე ნიკოლმა მოახერხა, მსოფლიო კინო და ტელეინდუსტრიის უდიდეს ვარსკვლავად ქცეულიყო. გასულ რამდენიმე დეკადაში მან რამდენიმე საკულტო ფილმში ითამაშა, მოიგო უამრავი ჯილდო, იქცა სამაგალითო პროფესიონალად და წარმატების საუკეთესო ნიმუშად მთელი მსოფლიოს ქალებისთვის. დღეს მისთვის შეუძლებელი არაფერი ჩანს, ნიკოლი ნამდვილი ქალღმერთია… მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა.
მოდი, ერთად გავიგოთ, რა გზა განვლო ნიკოლმა და რა სირთულეების გადალახვა მოუხდა, სანამ მისი ტრიუმფალური სვლა დაიწყებოდა ზემოთ, ვარსკვლავებისკენ.
ადრეული წლები
ნიკოლს ყველა ავსტრალიელად იცნობს, მაგრამ სინამდვილეში იგი ოზის კუნძულზე არ დაბადებულა. ის ქვეყანას ჰავაის ერთ მშვენიერ კუნძულზე, ოაჰუზე მოევლინა 1967 წლის 20 ივნისს. მომავალი მსახიობის მამა კლინიკური ფსიქოთერაპევტი და ბიოქიმიკოსი იყო, დედა კი – მეანთა ინსტრუქტორი. მშობლებს, განათლების სფეროში მოღვაწეობის ფარგლებში, აშშ-ის მასშტაბითა და საზღვარგარეთ მოგზაურობა უხდებოდათ. “მომთაბარე” ცხოვრებას შეჩვეულმა ნიკოლმა მას მერე საცხოვრებელი ადგილი უამრავჯერ შეიცვალა: ლოს-ანჯელესი, ნეშვილი, სიდნეი, სამხრეთი უელსი…
ჰავაიური სახელი
ჰავაის კუნძულებზე დაბადებულს, სულ ერთია, რა წარმოშობისა იქნება ის, ავტომატურად ენიჭება ტრადიციული ჰავაიური სახელი. გამონაკლისი არც ნიკოლი ყოფილა. მას სახელად “ჰოკულანი” უწოდეს – ზუსტად იმ პერიოდში ჰონოლულუს ზოოპარკში დაბადებული პატარა სპილოს სახელი. ჰოკულანი ჰავაიში გავრცელებული სახელია და დაახლოებით ითარგმნება, როგორც “ზეციური ვარსკვლავი”.
ცოტა ხნით ამერიკაში
როგორც აღვნიშნეთ, ნიკოლი, აკადემიურ სფეროში მომუშავე მშობლებთან ერთად, ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში კიდმანების ოჯახი დედაქალაქ ვაშინგტონში გადავიდა, თუმცა მალე, ვიეტნამთან მოახლოებული ომისგან აღშფოთებულებიმა, უარი თქვეს ნებისმიერ, ვიეტნამთან მეომარი მხარეების ტერიტორიაზე ცხოვრებაზე. ამრიგად, აშშ-ში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ ნიკოლმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ავსტრალიაში გაატარა.
ამომავალი ვარსკვლავი
ნიკოლს ბავშვობიდანვე ეტყობოდა სასცენო ნიჭიერება. სულ რაღაც სამი წლისამ მოახერხა ბალეტის მასწავლებელების მოხიბვლა დაუჯერებელი ტალანტით და რაც მთავარია, შენიშვნების მიღების და წესების დამახსოვრების უნარით. სკოლაში სწავლისას კი უკვე ყველა ხვდებოდა, რომ მათ გვერდით მომავალი ვარსკვლავი იყო.
მისი, როგორც მსახიობის შთაგონება
მას შემდეგ, რაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდა, ნიკოლი მსახიობობის შესწავლამ გაიტაცა. იგი ინტერესით აკვირდებოდა მსახიობებს და ფავორიტებიც ჰყავდა, მთავარი კი მათ შორის მარგარეტ ჰამილტონი გახლდათ. ნიკოლი იმდენად შთაგონებული იყო მისი პერფორმანსით ოზის ჯადოქარში (ავი კუდიანი), რომ გადაწყვიტა, სამსახიობო სტილი მისგან აეღო. ეს მას არ გაუადვილდებოდა, რადგან, გაგიკვირდებათ, მაგრამ ნიკოლი ბავშვობაში საოცრად მორცხვი იყო.
ყველაფრის მიუხედავად, ნიკოლს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მსახიობობა, ამიტომ სიდნეის ფილიპ სთრით თეატრს შეუერთდა. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი ახალგაზრდა კოლეგა და დღეს ასევე ცნობილი მსახიობი ნაომი უოთსი. თეატრში მათ მსახიობობა, პერფორმანსი, დრამა და პანტომიმა შეისწავლეს.
სკოლისთვის თავის დანებება
როგორც მრავალმა მსახიობმა, ნიკოლმაც გადაწყვიტა, უმაღლეს სკოლაში სწავლა აღარ გაეგრძელებინა და მთელი ენერგია მსახიობობის შესწავლისკენ მიემართა. 16 წლის ასაკში მან უკვე იცოდა, რომ მთელი თავისი დრო მსახიობობისთვის უნდა მიეძღვნა.
კინოდებიუტი
მისი თავგანწირვა დაფასდა და 1983 წელს, სკოლის მიტოვებიდან რამდენიმე კვირაში ნიკოლის პირველი პროფესიონალური პერფორმანსი შედგა კინოში. იღბლიან ნიკოლს როლი ერგო იმ პერიოდის ერთ-ერთ პოპულარულ ფილმში Bush Christmas. ახალგაზრდა მსახიობმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა კასტინგის მენეჯერებზე და მალე ნიკოლი Ozzie TV-ის შოუში, სახელად Five Mile Creek გამოჩნდა.
დედის ავადმყოფობა
Five Mile Creek-ში მეორეხარისხოვანი როლის მიღებიდან რამდენიმე თვეში ნიკოლის დედას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა ნიკოლს თავზარი დასცა, მაგრამ მან უყოყმანოდ შეწყვიტა კარიერა, რათა ასეთ დროს ოჯახის გვერდით ყოფილიყო. მან მსახიობობას დროებით თავი დაანება და სანაცვლოდ მასაჟის თერაპია შეისწავლა, რათა დედას ქიმიოთერაპიებით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაში დახმარებოდა. საბედნიეროდ, მკურნალობას დადებითი შედეგი ჰქონდა, დედა გამოჯანმრთელდა და ნიკოლი მსახიობობას დაუბრუნდა.
80-იანები
80-იანებზე პირველად ფუშფუშა ვარცხნილობები, ლეოპარდის პრინტი და დისკო წარმოგვიდგება. ნიკოლისთვის კი ეს ჰოლივუდში თვითდამკვიდრების წლები იყო. ავსტრალიის შემდეგ ნიჭიერი მსახიობი აშშ-ს დაპყრობას შეუდგა და 1983 წელს გამოჩნდა ფილმში BMX Bandits, შემდეგ კი ფილმს ფილმი მიჰყვა 1990 წლამდე, როცა ნიკოლმა ტომ კრუზი გაიცნო და მათ ერთად ითამაშეს ფილმში ჭექა-ქუხილის დღეები.
ყველაზე ცნობილი როლები
ნიკოლ კიდმანის საუკეთესო როლების ჩამოთვლა მართლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. იგი იმ იღბლიან მსახიობთაგანია, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო და დღემდე ნაყოფიერად მოღვაწეობს კინო თუ ტელე სფეროში. თუმცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პერფორმანსებიდან რამდენიმეს გამოყოფა მაინც შეიძლება: ბეტმენი სამუდამოდ, ფართოდ დახუჭული თვალები, საათები, მულენ რუჟი, ცივი მთა, სხვები… წარმატებული და პოპულარული ნიკოლი თამამად შეხვდა კინოინდუსტრიის ახალ გამოწვევასაც და სატელევიზიო ჰიტ დიდ პატარა ტყუილებში გამოჩენით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი პროფესიონალია და მისთვის დაბრკოლება არ არსებობს.
რეკორდები
იცოდით, ნიკოლ კიდმანი რეკორდსმენი რომ არის? თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში კიდმანი კინოაკადემიისა და მრავალი სხვა კინოჯილდოს ნომინანტი უამრავჯერ გამხდარა, 2003 წელს კი მან შესანიშნავი პერფორმანსისთვის საათებში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა – იგი პირველი ავსტრალიელი მსახიობი ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიგო.
ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი
მიუხედავად თვალწარმტაცი გარეგნობისა, ნიკოლი კინოში არასოდეს მოიაზრებოდა “სათამაშოს” ადგილზე. მისი გმირები ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები არიან, ისევე როგორც თავად მსახიობი. იგი ამაყობს საკუთარი თავით და მუდამ ამტკიცებს, რომ ჭკვიანი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები ქალია. მას მუდამ სწამდა ფემინური ძალის და იგი თავადაა ამის განსახიერება. საკუთარი ქალურობით სიამაყე იმაშიც გამოიხატება, რომ თუ ფილმში ინტიმური სცენებია, დუბლიორების დახმარებაზე უარს ამბობს და შიშველი სცენების გადაღებაში თვითონვე მონაწილეობს.
სცენის სიყვარული
ნიკოლი მხოლოდ ეკრანზე არ ბრწყინავდა, თავისი ნიჭი მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სცენაზე – 1998 წელს მან ბროდვეის სპექტაკლში – “ლურჯ ოთახში” მიიღო მონაწილეობა. მისმა პერფორმანსმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა, მათ შორის, მილიონერი და ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ნიკოლმა ის მოაჯადოვა. ამის შემდეგ ჰეფნერი რამდენიმე წელი ამაოდ ეხვეწებოდა მსახიობს, მისი ჟურნალის ყდაზე გამოჩენილიყო.
საინტერესო ფობია
თითქმის ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ფობია. გავრცელებულია გველების, მწერებისა და ობობების, ზვიგენების შიში, დახურული და ღია სივრცის შიში. აი, მშვენიერ ნიკოლ კიდმანს კი ლეპიდოპტეროფიბია აქვს – ეს პეპლების შიშია. სანდრო წყაროებს თუ დავეყრდნობით, მას ეს შიში პატარაობიდან აწუხებს. ერთხელ მსახიობმა შიშის დამარცხება პეპლების გამოფენაზე მისვლით სცადა, მაგრამ ამან უკუეფექტი მოახდინა.
ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი
ჰოლივუდის ისტორიას ახსოვს ბედნიერი ვარსკვლავური წყვილები, რომელთაც ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირეს ერთმანეთს; მაგრამ გაცილებით მეტია წყვილები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, საბოლოოდ მაინც დაშორდნენ. მათ რიცხვში შედის ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზიც.
წყვილი ერთმანეთს 1990 წელს ჭექა-ქუხილის დღეების გადასაღებ მოედანზე შეხვდა და მათ შორის სერიოზული გრძნობები გაჩნდა. რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ მათ დაქორწინება გადაწყვიტეს და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სელებრითი ოჯახი შეემატა. მიზეზთა გამო ულამაზესმა წყვილმა ერთად მხოლოდ ორი წელი იცხოვრა.
საერთო შვილები
ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ რამდენიმე კვირის თავზე ნიკოლმა აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო და საერთო შვილს ელოდებოდა. წყვილს მანამდე უკვე ნაშვილები ჰყავდა ორი ბავშვი და ამბობენ, რომ ნიკოლმა ტომს სთხოვა, დაჰბრუნებოდა და კვლავ ერთად ეცხოვრათ. საუბედუროდ, მსახიობმა გარე ორსულობის გამო ნაყოფი დაკარგა და ყოფილმა წყვილმა თავ-თავიანთი ცხოვრება განაგრძო. კიდმანი დღემდეც კი მუდამ აღნიშნავს ხოლმე, რომ უყვარს ტომი და რომ ის მისი ცხოვრების დიდი ნაწილია.
ცნობილი ბოიფრენდები
ავსტრალიელ მზეთუნახავს, ცხადია, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. დროთა განმავლობაში ნიკოლის ყურადღება რამდენიმე ცნობილ მამაკაცს ერგო. მის ბოიფრენდებს შორის იყვნენ ავსტრალიელი მსახიობები: მარკუს გრეჰემი და ტომ ბურლისონი; ცივი მთის გადაღებისას ჭორები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჯუდ ლოუ ცოლს ნიკოლის გამო დაშორდა. გარდა ამისა, ნიკოლს ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მუსიკოსებთან: ლენი კრავიცთან და რობი უილიამსთან. მუსიკოსებისადმი სიმპათია მსახიობის მორიგი ცხოვრების პარტნიორის არჩევანსაც დაეტყო.
ნიკოლი და კიტ ურბანი
რამდენიმე ცნობილ სახესთან არცთუ სერიოზული ურთიერთობის შემდეგ ნიკოლმა 2000-იანების შუა ხანებისკენ ნამდვილი სიყვარული იპოვა – ცნობილი ქანთრიმუსიკოსი და მომღერალი კიტ ურბანი. წყვილმა ერთმანეთი 2005 წელს გაიცნო ავსტრალიაში და კიტს, რასაკვირველია, მაშინვე შეუყვარდა ნიკოლი. ისინი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ და 2006 წლის 25 ივნისს დაქორწინდნენ.
თუმცა ნიკოლისა და კიტის ერთობლივი ცხოვრება პრობლემებით დაიწყო. დაქორწინებიდან რამდენიმე კვირაში კიტ ურბანი სარეაბილიტაციო ცენტრში საკუთარი სურვილით წავიდა წამალდამოკიდებულების მიზეზით, რაც მის ურთიერთობაზე ოჯახსა და ახლობლებთან დამღუპველად მოქმედებდა. კიტს განსაკუთრებით აშინებდა შვილების და ნიკოლის დაკარგვა და ყველაფერი იღონა გამოსაჯანმრთელებლად. საბედნიეროდ, მისი მცდელობა კარგად დასრულდა.
ოთხი შვილის დედა
აქტიური სამსახიობო კარიერის პარალელურად ნიკოლი ერთგული მეუღლე და დედაა. მას ოთხი შვილი ჰყავს – ორი ტომ კრუზთან ქორწინებისას აყვანილი, ორი კი კიტ ურბანთან შეეძინა. პირველი გოგონა მან 2008 წელს გააჩინა, ხოლო მეორე 2010 წელს დაიბადა სუროგაციის დახმარებით. ნიკოლი ამაყობს საკუთარი ოჯახით.
არაბუნებრივი წითური
უმშვენიერესი მსახიობი ალბათ ვერავის წარმოუდგენია მისი ცეცხლისფერი კულულების გარეშე. თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი მან ჟღალი თმით გაატარა; მაგრამ სინამდვილეში ნიკოლი ბუნებრივი წითური არაა. მას დაბადებით ქერა თმა აქვს, თუმცა საკუთარ იმიჯად მან წითურთმიანობა აირჩია და შესანიშნავი მოწითურო დალალები მის სავიზიტო ბარათად იქცა.
თუმცა უკანასკნელ წლებში ნიკოლმა თმის ბუნებრივ ოქროსფერზე დაბრუნება გადაწყვიტა. ის ასეც შეუდარებელია.
ნეტღირებულება
კარიერის მანძილზე ნიკოლ კიდმანმა შტამბეჭდავი ქონება გამოიმუშავა. უფრო კონკრეტულად – 130 მილიონი დოლარი. 2006 წელს ის კიდევ ერთხელ გახდა რეკორდსმენი და გინესის წიგნშიც კი შევიდა, როგორც “მსახიობი, რომელსაც წუთში ყველაზე მეტს უხდიან” – ეს ტიტული მან Chanel No.5-ის ოთხწუთიან რეკლამაში 3.71 მილიონის მიღების შემდეგ დაიმსახურა.
მომღერალი მსახიობი
მსახიობური ნიჭის გარდა ნიკოლს სიმღერის ტალანტიც დაჰყვა . ის მრავალ ფილმში თვითონვე ასრულებს სიმღერებს, მათ შორის ფილმებში: მულენ რუჟი, ბედნიერი თათები და ცხრა. მულენ რუჟის ერთ-ერთი ნომერი, სახელად Come What May, რომელსაც მსახიობი კოლეგა იუენ მაკგრეგორთან ერთად ასრულებს, ნამდვილ ჰიტად იქცა და ბრიტანეთის ჩარტებში (სინგლებს შორის) 27-ე ადგილი დაიკავა.
გაეროს კეთილი ნები ელჩი
ნიკოლ კიდმანი მუდამ ცნობილი იყო ფილანტროპიული და ჰუმანიტარული საქმიანობით. მას შემდეგ, რაც დაამტკიცა, რომ საერთო სიკეთისთვის მუხლჩაუხრელად შრომა და ბრძოლა შეუძლია, მსახიობი 2006 წელს გაეროს კეთილი ნების ელჩად დანიშნეს. გაეროში იგი ქალთა უფლებების ცნობადობის ამაღლებასა და მსოფლიოს მასშტაბით ქალების მხარდაჭერაზე მუშაობს. სხვა ვინ, თუ არა ნიკოლ კიდმანი, მოუწოდებს ქალებსა და გოგოებს, სჯეროდეთ საკუთარი თავის!
სამომავლო კარიერა
მიუხედავად მზარდი სოციალური და ოჯახური აქტიურობისა, ნიკოლი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსის შენარჩუნებასაც ახერხებს. 2017 წელს იგი ოთხ ფილმში გადაიღეს და რაც მთავარია, მუდმივი როლი მიიღო HBO-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ჰიტში – სერიალში დიდი პატარა ტყუილები, რომელიც ნამდვილ მოვლენად იქცა, როგორც ქალებზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ბოლოდროინდელი ნაწარმოები.
2018 წელს მან კვლავ განაგრძო აქტიური მუშაობა და გამოჩნდა ფილმებში She Came to Me, გამქრალი ბიჭი, აქუამენი. ამჟამად ნიკოლ კიდმანს დიდი პატარა ტყუილების ახალ სეზონში ვადევნებთ თვალს და ბედნიერები იმით, რომ უკვე დიდი ხანია ჰოლივუდის უცვლელი მშვენებაა, კვლავ ველით მისი ნიჭის გაბრწყინებას ახალ, საინტერესო პროექტებში.
მომზადებულია worldation.com-ის მიხედვით