სოფია კოპოლას ფილმი თარგმანში დაკარგულები ეკრანებზე 15 წლის წინ გამოვიდა, თუმცა სკარლეტ იოჰანსონისა და ბილ მიურეის პერსონაჟების უცნაური ურთიერთობა მაყურებელს დღემდე აინტერესებს.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი ყურადღება ამ ფილმზე შეგვეჩერებინა და წარმოგიდგენთ 10 საინტერესო, თუმცა ნაკლებად ცნობილ ფაქტს მის შესახებ:
1. სოფია კოპოლას მთავარ როლზე მხოლოდ და მხოლოდ ბილ მიურეი წარმოედგინა
ბილს სცენარი მათმა საერთო მეგობარმა წააკითხა და შეხვედრაც დაიგეგმა, სადაც ბილმა და სოფიამ საუბარში 5 საათი გაატარეს. მსახიობმა გადაწყვიტა, რომ მიიღებდა ფილმში მონაწილეობას, თუმცა კონტრაქტისათვის ხელი არ მოუწერია. კოპოლა ძალიან ნერვიულობდა, ფიქრობდა, რომ ბილი ბოლო მომენტში გადაიფიქრებდა. თანაც, 1 მილიონი $ უკვე დახარჯული იყო მოსამზადებელი სამუშაოებისათვის. ვეს ანდერსონი, რომელსაც მანამდეც ეთანამშრომლა ბილისთან, სოფიას აწყნარებდა და ეუბნებოდა, რომ მიურეი სიტყვის კაცი იყო. ასეც აღმოჩნდა – გადაღებების დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ბილი ტოკიოში ჩავიდა.
2. სოფიას დიდი ხნის სურვილი იყო ტოკიოს სასტუმროში ფილმის გადაღება
რეჟისორი Park Hyatt Tokyo-ში პირველად 1999 წელს აღმოჩნდა, როდესაც თვითმკვლელი ქალწულების პრომოტურზე იმყოფებოდა. მას იმდენად მოეწონა სასტუმრო, რომ იქ ფილმის გადაღების იდეა გაუჩნდა. თუმცა, სასტუმროს მენეჯმენტის დათანხმება არც ისე მარტივი იყო და, საბოლოო ჯამში, მათ საკმაოდ ბევრი პირობა წაუყენეს რეჟისორს – დერეფნებსა და საერთო სივრცეებში გადაღების უფლება მხოლოდ შუაღამისას ჰქონდათ, რათა სხვა სტუმრები არ შეეწუხებინათ. როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველთვის სულაც არ გამოსდიოდათ, რადგან ერთ-ერთმა სტუმარმა ბილი მიურეის ხმამაღალი სიმღერის გამო იჩივლა.
3. კოპოლამ ბილი და სკარლეტი ჰამფრი ბოგარტსა და ლორენ ბაკალს შეადარა
როგორც აღმოჩნდა, როდესაც სცენარისტი და რეჟისორი ბობისა და შარლოტას პერსონაჟებზე მუშაობდა, ინსპირაციად სწორედ ბოგარტისა და ბაკალის ურთიერთობას იღებდა ფილმიდან გრძელი სიზმარი.
4. გამხსნელი სცენა ჯონ კეისერის ნახატის მიხედვით არის გადაღებული
კეისერი ცნობილი იყო თავისი ფოტორეალისტური ნახატებით, რომელთა უმრავლესობაზეც საცვლებში გამოწყობილი ქალია აღბეჭდილი. სოფიას სწორედ ასე სურდა საკუთარი ფილმის დაწყება, თუმცა რეალობისაგან განსხვავებით მას სკარლეტის სხეულზე მაქმანებიანი თეთრეული წარმოედგინა. მსახიობს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა:
მე ვუთხარი სოფიას, რომ ჩავიცმევდი საცვლებს, ოღონდ არა მაქმანებით… თითქმის მთელი ფილმი საცვლებში გამოწყობილმა გადავიღე, მივეჩვიე კიდეც იაპონელი კაცების წინ ნახევრად შიშვლად ყოფნას… მაგრამ მაქმანები? არა, მაქმანები მაინც სულ სხვანაირია…
5. ბილ მიურეის ინსპირაცია კი ჰარისონ ფორდი გახდა
იმ პერიოდში, ტოკიოს ქუჩები აჭრელებული იყო ჰარისონ ფორდის ბილბორდებით, რომელიც ლუდს არეკლამებდა. სწორედ ამიტომ, მიურეიმ საკუთარი პერსონაჟის გარკვეული დეტალები სწორედ ფორდისგან აიღო.
6. სოფია მამამ დაარწმუნა, რომ ფილმი ფირზე გადაეღო
თარგმანში დაკარგულებს არც თუ ისე მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა, რის გამოც სოფია აპირებდა ის შედარებით იაფასიანი ტექნიკით გადაეღო, თუმცა მამამ, ფრენსის ფორდ კოპოლამ ურჩია, რომ ფილმი ფირზე გადაეღო. სოფიამ მამის რჩევა გაითვალისწინა და, თანაც ჩათვალა, რომ ფირი მის ნამუშევარს კიდევ უფრო მელანქოლიურ და რომანტიკულ აურას შესძენდა.
7. ბილ მიურეის იმპროვიზაცია
სუშის ბარის ეპიზოდზე სცენარში სოფიას მხოლოდ ერთი ფრაზა ეწერა – “ბობი მის გაცინებას ცდილობს”. ის, რაც მაყურებელმა ეკრანზე იხილა, მთლიანად მსახიობის იმპროვიზაციაა.
8. კოპოლა იფიცება, რომ ანა ფარისის პერსონაჟს კამერონ დიასთან საერთო არაფერი აქვს
ფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ანას პერსონაჟი კამერონ დიასის მიხედვით იყო შექმნილი, რაც რეჟისორმა კატეგორიულად უარყო:
ეს პერსონაჟი ძალიან ბევრი ადამიანის მიხედვით არის შექმნილი. 8 მათგანი ახლავე შემიძლია ჩამოგითვალოთ – ქერათმიანი, მხიარული გოგონები, რომელთაც ჩვენ თოქშოუებში ვხედავთ.
9. მიურეისა და იოჰანსონს საწოლის სცენის გადასაღებად ზედმეტი დღე დასჭირდათ
როგორც რეჟისორი იხსენებს, ეს ყველაზე რთულად გადასაღები სცენა აღმოჩნდა.
არ ვიცი, უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყვნენ თუ რა ხდებოდა, მაგრამ ერთმანეთს აშკარად ვერ უგებდნენ. სწორედ ამიტომ, გავჩერდით და გადაღება მეორე დღისათვის გადავდეთ.
10. ზუსტად არავინ იცის, თუ რას ეუბნება ბობი შარლოტას ფილმის დასასრულს
მაყურებლისათვის ეს ფაქტი ყოველთვის გამოცანად დარჩება. ორიგინალ სცენარში კოპოლას ეწერა, რომ ბობს შარლოტასათვის უნდა ჩაეჩურჩულებინა ფრაზა “ვიცი, მეც ძალიან მომენატრები!”… თუმცა, როდესაც მიურეის კითხეს, რა უთხრა მან სინამდვილეში იოჰანსონს, მან უპასუხა, რომ ამას ვერასოდეს გავიგებდით.