კინოთეატრში წასვლამდე ჩვენ უამრავ ფილმს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება: კინო სუპერგმირებზე, რომელიმე მიმდინარე რიმეიქი, ორიოდე ახალგამოსული კომედია და რასაკვირველია ნაირნაირი სიქველები. რატომ შეწყვიტა ჰოლივუდმა ხარისხიანი დრამების გამოშვება? რატომ ირჩევს “ერთფეროვან” კინოს სწორხაზოვანი სიუჟეტითა და პერსონაჟებით? რისთვის თქვა უარი საინტერესო ისტორიებსა და გმირებზე? დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ თანამედროვე სერიალებმა ამ ფაქტორებით კინოს ბევრად გაუსწრო, რაც აისახა კიდეც კინოთეატრების შემცირებულ მაყურებელში.
დღეს ჰოლივუდის კულისებში გვინდა შევიხედოთ და თანმიმდევრულად მოგიყვეთ, საით მიექანება ჰოლივუდური კინო და რის გამო ხდება ასე.
მცირე ისტორიული ექსკურსი
60-იან წლებში კინოინდუსტრიაში კრიზისის დრო დადგა: ჰოლივუდს აღარ შეეძლო ისეთი მსხვილმასშტაბიანი ეპიკური დრამების გადაღება, როგორებიცაა, მაგალითად, ბენ ჰური და კლეოპატრა. მათ საკუთარი შემოსავალი უკვე მოეტანათ. მაშინ სტუდიებმა გადაწყვიტეს, საავტორო კინოსთვის დაეთმოთ ყურადღება. ფილმებმა – კურსდამთავრებული და ბონი და კლაიდი – ნამდვილი ფურორი მოახდინეს: ფილმების სიუჟეტს საფუძვლად ედო არცთუ დალხენილი ცხოვრების მქონე ან მარტოსული გმირების პირადი ისტორია, რომელიც ახლოს იდგა იმ პერიოდის თაობის სულისკვეთებასთან.
აქედან დაიწყო რეჟისორული დომინაციის ეპოქა. ფილმებმა: 2001 წელი: კოსმიური ოდისეა, ტაქსის მძღოლი, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და მრავალმა სხვა სურათმა დღის სინათლე იმის დამსახურებით იხილა, რომ სტუდიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს, ავტორისეული იდეებისთვის დაეჭირათ მხარი.
1975 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო საეტაპო ფილმი ყბები, რომელმაც კინოინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. კარგი რეკლამისა და სულისშემძვრელი, მძაფრი სიუჟეტის დამსახურებით ფილმმა უდიდესი მოგება მოიტანა და დაამკვიდრა ტერმინი: “საზაფხულო ბლოკბასტერი”. კინოკომპანიებმა გაიგეს, რომ ასეთი მაღალეფექტური სურათები ნამდვილი ოქროს საბადო იყო. რასაკვირველია, ჰოლივუდში საავტორო ფილმების გადაღება არ შეუწყვეტიათ (გარდა ამისა, უარი არ უთქვამთ არც “ოსკარზე”), თუმცა ხარისხმა დაიწია.
80-იანი წლების ფილმები მაქსიმალურად ფართო და მასობრივ აუდიტორიაზე იყო გათვლილი: ინდიანა ჯონსი, ვარსკვლავური გზა, მოჩვენებებზე მონადირეები, ვარსკვლავური ომები და ა.შ. მათი წარმატების უპირველესი საფუძველი კარგი, ორიგინალური ისტორია იყო, შემდეგ კი – რეჟისორებისა და სცენარისტების ოსტატობა.
თუმცა სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა ე.წ. “პოპკორნ” კინო, რის შედეგადაც დღეს კინოთეატრების ეკრანებზე უმაღლესი დონის “ექშენისა” და სპეცეფექტების მქონე სურათებს ვუყურებთ, მაშინ როცა საავტორო ფილმებმა, დრამამ და მისთანებმა, თანდათან უკან-უკან დაიხიეს. კონკრეტულად რამ გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება?
1. სტუდიებს ფინანსურ რისკზე წასვლა არ სურთ
კინოს გადაღება რაღაცით რუსული რულეტის თამაშს ჰგავს: ვერასდროს გეცოდინება, “რა გაისვრის” ან რა ჩაფლავდება. ეს მეტად რისკიანი ბიზნესია და უწვრილეს დეტალებამდე გათვლილი სტრატეგიაა საჭირო, რომ კინოს შემოქმედებმა პროექტი მოიწონონ და მიიღონ. ტენდენციებსა და წარმატებული ფილმების მაგალითებს უკვე დიდი ხანია ითვალისწინებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორიგინალური იდეების ავტორებს უფრო და უფრო მეტად უჭირთ კინოსტუდიების დარწმუნება იმაში, რომ მათი პროდუქტი წარმატებული და მომგებიანი გამოვა.
დემიენ შაზელმა ლა ლა ლენდის სცენარი ჯერ კიდევ 2010 წელს დაწერა, თუმცა, ახალგაზრდა და უცნობმა რეჟისორმა, რასაკვირველია, მუსიკალური კომედია-დრამის გადასაღებად დაფინანსება ვერ მოიპოვა. შემდეგ მან დაწერა სცენარი და გადაიღო ფილმი შეპყრობილი, რომელმაც მრავალი ნომინაცია მოიპოვა, ყურადღება მიიქცია და აი, მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა შაზელმა ლა ლა ლენდის გადაღების დაფინანსება. და მაინც, ამ სურათის წარმატების ცოტას თუ სჯეროდა.
საბოლოოდ ლა ლა ლენდმა ოსკარების რეკორდული, 14 ნომინაცია მოიპოვა.
ასეთი “სასწაულები” ჰოლივუდში იშვიათად ხდება. ჟურნალისტ ბენ ფრიტცს თავის წიგნში The Big Picture: The Fight for the Future of Movies საინტერესო მაგალითი მოჰყავს: 40 მლნ $-ის ბიუჯეტის მქონე ერთ წარუმატებელ ფილმზე სტუდია გაცილებით დიდ თანხას კარგავს, ვიდრე 100 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ასევე წარუმატებელ ფილმზე. ორივე ფილმის მარკეტინგული ხარჯები დაახლოებით ერთნაირია, თუმცა სპეცეფექტებით მდიდარი ფილმი გარკვეულ მოგებას მაინც ტოვებს, მაგრამ თუ ფილმს მხოლოდ ტექსტი გააჩნია, რატომ უნდა გარისკოს სტუდიამ?
2. სტრიმინგ პლატფორმები ნებისმიერი ბიუჯეტის გაღებაზე თანახმანი არიან
თავისი პროექტებისთვის თანხების მოძიება სახელოვან რეჟისორებსაც კი უჭირთ, თუმცა აქ ასპარეზზე გამოდიან სტრიმინგ-პლატფორმები, რომლებიც მზად არიან, საინტერესო საავტორო იდეების განსახორციელებლად უზარმაზარი თანხები გამოყონ.
მაგალითად, ამჟამად მარტინ სკორსეზე Netflix-ისთვის იღებს ფილმს “ირლანდიელი”, რომლის საერთო ბიუჯეტიც უზარმაზარია –125 მლნ დოლარი. გილერმო დელ ტორო ამავე პლატფორმისთვის მულტფილმ “პინოქიოზე” მუშაობს (რომლის ატმოსფეროც, ჩვენთვის ნაცნობი დისნეის ანიმაციისგან განსხვავებით, გაცილებით პირქუშია). რეჟისორმა უკვე სცადა, ეს პროექტი დისნეისთან განეხილა, თუმცა ტიმ ბარტონის ფრანკენვინის კინოგაქირავებაში წარუმატებლობის გამო სტუდიამ დელ ტოროს პროექტის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
ამრიგად, საავტორო იდეებს რეალიზაციის გარეშე დარჩენა მაინც არ ემუქრება, თუმცა დიდ ეკრანზე შეიძლება ისინი მაინც ვერ ვიხილოთ. ამის მაგალითია ალფონსო კუარონის რომა, რომლის პრემიერაც Netflix-ზე შედგა და რომლის ნახვაც ამ სტრიმინგ სერვისის ნებისმიერ მომხმარებელს სახლში შეეძლო. ამავე დროს, ფილმის დახვეწილი ოპერატორული ნამუშევარი ნამდვილად იმსახურებს დიდ ეკრანზე ჩვენებას, ვიზუალური მხარე კი კინოს ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
3. მაყურებლების შინიდან გამოყვანა არც ისე იოლია
დღევანდელი სწრაფი ტემპის სამყაროში ბევრს არ სურს დროისა და თანხის დაკარგვა კინოთეატრში წასასვლელად და ფილმის სანახავად, როცა პრემიერიდან მალევე ამავე პროდუქტის შეძენა და სახლში ნახვა შეუძლია. გარდა ამისა, კარგა ხანია, მაყურებლის დიდი ნაწილი კინოს ხარისხიან სერიალს ამჯობინებს. თანაც, ფილმის სახლში ყურებას დამატებითი ბონუსებიც აქვს: მაგალითად, არავინ ახრამუნებს პოპკორნს ცხვირწინ. მაყურებლების უმრავლესობა კინოთეატრებში მხოლოდ მასშტაბური ბლოკბასტერების საყურებლად დადის, თუნდაც ეს ბლოკბასტერი დიდი კინოღირებულებისა არ იყოს. ბლოკბასტერების რიცხვს მიეკუთვნება ოსკარებისთვის “განწირული” ფილმებიც და ძალზე ცნობილი რეჟისორების (მაგალითად, კვენტინ ტარანტინოს) ახალი ნამუშევრებიც.
რამ შეიძლება მაყურებელს კინოში წასვლისკენ უბიძგოს? – ცალსახად ვიზუალურმა ეფექტებმა, გრაფიკამ, ხარისხიანმა გახმოვანებამ, მასშტაბმა და გართობამ. ერთი სიტყვით, ფილმების კინოთეატრში ყურება გარკვეულწილად ატრაქციონს დაემსგავსა. ამრიგად, ინდუსტრია ყველანაირად ცდილობს, მომხმარებელი ასიამოვნოს და ეკრანზე ყოველწლიურად უფრო და უფრო ეპიკური სურათები უჩვენოს, სანამ მათზე მოთხოვნა არსებობს.
4. ბაზარი სანახაობრივმა კინომ დაიპყრო
ძნელი დასაჯერებელია, რომ Marvel-ის იდეას, სუპერგმირებზე ფილმები გადაეღო, თავდაპირველად სერიოზულად არავინ უყურებდა. სტატიებიც კი გამოჩნდა, რომლებშიც წერდნენ “შეშლილებზე, რომლებიც მზად არიან კომიქსების სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებზე მილიონები გაფანტონ”. დღეს მარველის ფილმები რეკორდს რეკორდზე ხსნიან და სტუდიას “შეშლილს” არავინ ეძახის.
სუპერგმირული ფილმების ყველა პერსონაჟი კომიქსების გმირები არიან და თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს, რომელსაც მაყურებლები ბავშვობიდან იცნობენ. სუპერგმირები ადამიანებს ყოვლისშემძლეობის, სამართლიანობის, ბოროტების ძლევისა და ყველა იმ ამაღლებულ განცდას უჩენენ, რომლებიც ამ ცხოვრებაში მიუღწეველი ჩანს. მაგრამ ასეთი ფილმების წარმატების მთავარი ფაქტორი, რასაკვირველია, მიმზიდველი სანახაობაა. სპეცეფექტები, მასშტაბურობა, ტრიუკები, ხარისხიანი გრაფიკა, ხმა – ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე შესანიშნავად გამოიყურება და ამ ემოციებისთვის ადამიანები მზად არიან, ნებისმიერი მყუდრო სავარძელი მიატოვონ, რადგან შინ ამის ხილვის ფუფუნება არ არსებობს.
სანახაობა ყოველთვის იყო ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა როცა სურათი ექშენ სცენების ერთ დიდ კრებულს წარმოადგენს, სცენარსა და გმირების ხასიათში ჩაღრმავებას სულ უფრო და უფრო მცირე დრო ეთმობა, ასეთი ფილმი მაყურებელზე “საღეჭი რეზინივით” მოქმედებს. ის არ აიძულებს მაყურებელს, ფილმის ნახვის შემდეგ იფიქროს და სიუჟეტის შემდგომ განვითარებაზე იფიქროს, რაც ნიშნავს, რომ კინოთეატრის ვიზიტორი მხოლოდ დროებითი გართობისთვისაა მისული, მას სიღრმე და შინაარსი ნაკლებ აინტერესებს.
5. სერიალების ხარისხი უფრო და უფრო მატულობს
მაშინ როცა კინოთეატრს გასართობი ფუნქცია შერჩა, ტელევიზია (უფრო სწორად, სტრიმინგ სერვისები) შემოქმედებითობის მწვერვალზეა. ხარისხიანი ფილმის სანახავად შინიდან გასვლა საჭირო აღარაა – ინტერნეტში შესვლა საკმარისია. ლამის ყოველდღე გამოდის ახალი სერიალები ნებისმიერი გემოვნებისთვის, მათი სცენარი კი დღითი დღე უკეთესი და საინტერესო ხდება. იმდენად, რომ ჰოლივუდის უმაღლესი კლასის ვარსკვლავები უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან სერიალებში. ამას გარდა, სერიალებს კიდევ რამდენიმე უდავო ღირსება გააჩნია:
- სერიალების უმეტესობის გადაღება არც ისე ძვირი ჯდება, რაც გაცილებით დიდ შემოქმედებით თავისუფლების საშუალებას აძლევს მასზე მომუშავე ხელოვანს, განსხვავებით ფილმზე მუშაობისას, რომელსაც სტუდია უამრავ შეზღუდვას უწესებს.
- სერიალებში გაცილებით უკეთ და სრულყოფილად იშლება სიუჟეტი და პერსონაჟები. ამის ნიმუშია მძიმე დანაშაული: ბევრი ფილმი იცით, სადაც ასე თანმიმდევრულად და კარგადაა ნაჩვენები პერსონაჟის ტრანსფორმაცია?
- სერიალები შესანიშნავი განსახილველი თემაა. ის საშუალებას იძლევა არა მხოლოდ მიჰყვე შემოთავაზებულ ისტორიებს, არამედ მეგობრებთან განიხილო სიუჟეტის შესაძლო განვითარებები, პერსონაჟის ქმედებები, და ააგო თეორიები მომავალ სეზონამდე.
- ყოველ საღამოს არ გიწევს იმაზე ფიქრი, რას უყურო: ამა თუ იმ სერიალის ყურებისას ეს პრობლემა სრულიად მოხსნილია; და ასეთი ფავორიტი სერიალი ყველას რამდენიმე (ან უამრავი) აქვს. სერიალის განმეორებით ნახვაც არაა ურიგო.
- და ბოლოს, სერიალები, საშუალოდ რამდენიმე ათეულ საათს გრძელდება, ასე რომ მაყურებელს საყვარელ პერსონაჟებთან ნაადრევი გამოთხოვება არ უწევს.
ცხადია, ხარისხიანი საავტორო ფილმები არსად გამქრალა, თუმცა ყველაფერი იქით მიდის, რომ დიდ ეკრანზე მათი რაოდენობა უფრო და უფრო შემცირდება. შეიძლება დროთა განმავლობაში ისინი მხოლოდ კინოფესტივალებზე უჩვენონ კინომცოდნეებისა და რჩეული მოყვარულებისთვის, ჩვეულებრივი მაყურებელი კი სახლში ცქერითაც დაკმაყოფილდეს. მეორე მხრივ, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მხატვრული ფილმების გადაღებას უკვე სტრიმინგ პლატფორმებიც უწყობენ ხელს, რომელთა ნაწარმიც, რაც არ უნდა შეზღუდონ მათი გაშვება ფართო ეკრანებზე, მილიონობით მაყურებლამდე დაუბრკოლებლად მიდის და მომავალი აშკარად ამ სფეროს ეკუთვნის.
მომზადებულია: www.adme.ru-ს მიხედვით