ამბობენ, რომ მსახიობის პროფესიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცვლილებებს და ექსპერიმენტებს, თუმცა ძალიან ხშირია, როცა მსახიობები ერთ ამპლუაში იკეტებიან და ამ ჩვეული როლიდან გასვლა უჭირთ. მაყურებლები მათგან მსგავსი ტიპის ახალ როლებს ელიან, რეჟისორებიც ერთსა და იმავე ამპლუაში წარმოიდგენენ მათ… ასე თანდათანობით იქცევა მსახიობი typecasting-ის მსხვერპლად. არადა, მსახიობურ ნიჭს სასიცოცხლოდ ესაჭიროება მრავალფეროვნება და რადიკალური ცვლილებები.
დღეს წარმოგიდგენთ იმ მსახიობებს, რომელთაც წარმატებით დაძლიეს ეს ბარიერი და მოულოდნელად შეიცვალეს საკუთარი ამპლუა, ეს კი მათ კარიერას სასიკეთოდ წაადგა. ზოგიერთმა მათგანმა კომედიიდან უფრო სერიოზულ ჟანრში გადაინაცვლა, ზოგმა მძაფრსიუჟეტიანი ფილმისა თუ თრილერის გამო დრამატული მსახიობის რეპუტაციაც კი დათმო.
1. მელისა მაკარტი
- თავიდან: მაიკი და მოლი, მეჯვარეები, ქურდის იდენტიფიკაცია
- შემდეგ: შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?
მელისა მაკკარტიმ კარიერა სთენდაფ კომიკოსობით დაიწყო და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ თავიდანვე კომიკოსი მსახიობის რეპუტაცია მოიპოვა. მაყურებლებს დღემდე ახსოვთ მისი შესანიშნავი პერფორმანსი კომედიაში მაიკი და მოლი, რომელსაც მოჰყვა მეჯვარეები, ტემი, პოლიციელები ქვედაკაბებში და სხვა მნიშვნელოვანი კომედიური როლები. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გასაკვირი აღმოჩნდა მსახიობის ამპლუის მოულოდნელი ცვლილება 2018 წელს, როცა მან დრამაში – შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ? მთავარი – მწერალ ლი იზრაელის როლი შეასრულა. აღნიშნული პერფორმანსისთვის მან ოსკარის ნომინაციაც კი დაიმსახურა.
2. ლიამ ნისონი
- თავიდან: შინდლერის სია, მანამდე და შემდეგ, საბრალონი
- შემდეგ: მძევალი, ღამის ძებნილი, ცივ კვალზე
კარიერის დასაწყისში ნისონმა თავი დრამატული როლებით დაიმკვიდრა. თაყვანისმცემლები მას განსაკუთრებით აფასებენ ოსკარ შინდლერის როლით, რომლითაც მილიონობით მაყურებლის გული მოიგო და ოსკარზეც იყო ნომინირებული. ამას მოჰყვა დრამატული როლები ფილმებში მაიკლ კოლინზი, К-19 და ნიუ-იორკის ბანდები.
ასაკში შესულმა ნისონმა ამპლუა მოულოდნელად შეიცვალა და ახლა მას უფრო და უფრო ხშირად ვნახავთ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში – ბრუტალური გმირის როლზე, რომელიც ცუდ ტიპებს სასტიკად უსწორდება. სწორედ ამ, ახლად მორგებულ ამპლუაში ვხედავთ მსახიობს საკმაოდ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა, მაგალითად: მძევალი, ნონსტოპი, მგზავრი და ცივ კვალზე.
3. ემა სტოუნი
- თავიდან: ძალიან ცუდი, სახლის კურდღელი, მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი
- შემდეგ: მოსამსახურე, ლა ლა ლენდი, ბერდმენი, ფავორიტი
დღესდღეობით ძნელი დასაჯერებელიც კია, რომ ემა სტოუნმა კომიკოსობით დაიწყო. კომედიაში ძალიან ცუდი – ემას მიერ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლის შემდეგ მისი ტალანტი შეამჩნიეს და მსახიობმა კიდევ არაერთი სასაცილო და საყვარელი გოგონა ითამაშა. 4 წლის შემდეგ ის, ბოლოს და ბოლოს, მიიწვიეს სერიოზულ როლზე ფილმში მოსამსახურე, რომლის შედეგადაც გამოჩნდა, რომ ემას მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა და არაკომედიურ როლებს კიდევ უფრო კარგად თამაშობდა.
მისი პერფორმანსი ბერდმენში ოსკარის ნომინაციით აღინიშნა, 2 წლის შემდეგ კი ლა ლა ლენდის ტრიუმფის შემდეგ მან ნანატრი ქანდაკებაც მიიღო. საოცრად წარმატებული გამოდგა ფავორიტიც, რომელშიც ემას დრამატულმა ნიჭმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.
4. მეთიუ მაკკონაჰი
- თავიდან: ედი ტელევიზიიდან, ქორწილების ორგანიზატორი, ბიჭები გვერდზე
- შემდეგ: ქილერი ჯო, დალასის შემსყიდველთა კლუბი, ინტერსტელარი, სერენიტი
მსახიობის შემოქმედებითი გზა იოლი არ ყოფილა. მან თრილერებით დაიწყო, შემდეგ კი რომანტიკული შეყვარებულების როლებით განაგრძო. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში მაკკონაჰი სწორედ ამ ამპლუაში გვევლინებოდა. მხოლოდ 2011 წელს, ფილმის – ლინკოლნი ადვოკატისთვის – გამოსვლის შემდეგ, დაამტკიცა მეთიუმ, რომ ის მხოლოდ მომხიბლავი ღიმილის მქონე საყვარელი ყმაწვილკაცი კი არა, შესანიშნავი დრამატული მსახიობია, რომელსაც ბრწყინვალედ გამოსდის გარდასახვა.
ზუსტად ამის შემდეგ მიიღო მაკკონაჰიმ თავისი კარიერის საუკეთესო როლები და სრულად გამოავლინა პოტენციალი: დალასის შემსყიდველთა კლუბი, ინტერსტელარი, ნამდვილი დეტექტივი და სხვები ამ ჭეშმარიტებას არაერთხელ გვიმტკიცებს.
5. ჯენიფერ ენისტონი
- თავიდან: მეგობრები, ის ერთადერთია, თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ
- შემდეგ: ღალატის ფასი, ტორტი, The Yellow Birds
ჯენიფერ ენისტონმა მსოფლიოს გული სიტკომ მეგობრებში შესრულებული როლით დაიპყრო, ამიტომ რეჟისორებს იგი რომანტიკული კომედიების იდეალურ გმირად ესახებოდათ. რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობი სწორედ ამ ჟანრის ფილმებში ჩნდებოდა.
მაგრამ 2005 წელს ჯენიფერმა ამპლუა შეიცვალა და კომედიის ნაცვლად თრილერში – ღალატის ფასი – ითამაშა. ცალსახად ყველაზე წარმოუდგენელი და ძლიერი როლით მსახიობმა ყველა გააოცა, რასაც მოჰყვა ფსიქოლოგიური დრამა ტორტი. აღნიშნული სურათი ჯენიფერის შემოქმედებაში ახალ სიტყვად იქცა.
6. შია ლაბაფი
- თავიდან: კონსტანტინი, ტრანსფორმერები, ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო
- შემდეგ: უოლ სტრიტი: ფულს არ სძინავს, უკანონო, დაღუპულები
შია ლაბაფი ჰოლივუდში ხმაურიანად შემოიჭრა და თავი დაიმკვიდრა, როგორც ტრანსფორმერებისა და ინდიანა ჯონსის მორიგი სერიის ახალგაზრდა ვარსკვლავმა. აღნიშნული როლები მას ბლოკბასტერებში ბრწყინვალე მომავალს უქადდა, მაგრამ ლაბაფს ეს პერსპექტივა არ აკმაყოფილებდა და ფიქრობდა, რომ, როგორც მსახიობს, გაცილებით მეტი შეეძლო.
და სამართლიანადაც. ლაბაფმა ახალი ამპლუის ძებნა დაიწყო, მონაწილეობა მიიღო არცთუ ცნობილი რეჟისორების ფილმებში და კაშკაშა როლებიდან შეუმჩნეველ როლებზე გადაინაცვლა. გარკვეულ ხანს მასზე ჭორებიც კი ვრცელდებოდა, რომ მსახიობს ფსიქიკურად ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა, რადგან საკუთარი “მეს” ძიებისას იგი გამუდმებით სჩადიოდა უცნაურობებს. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ლაბაფი კრიმინალურ დრამაში უკანონო გამოჩნდა, ასევე მიიღო როლი ლარს ფონ ტრიერის სკანდალურ ნიმფომანში, საომარ დრამაში რისხვა და მრავალ სხვა მნიშვნელოვან პროექტში.
7. ქეით ჰადსონი
- თავიდან: თითქმის ცნობილი, როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში, პატარძლების ომი, საქმრო ქირით
- შემდეგ: მკვლელი ჩემში, ნეტავ აქ ვყოფილიყავი, Deepwater Horizon, მარშალი
კარგა ხნის განმავლობაში ქეით ჰადსონი ახალგაზრდული კომედიების ვარსკვლავი გახლდათ, 2000-იანი წლების დასაწყისში ის ხშირად ჩნდებოდა რომანტიკულ კომედიებსა და მელოდრამებში. შემდეგ მსახიობმა ამპლუიდან გამოსვლა გადაწყვიტა და პენელოპა კრუსის, ნიკოლ კიდმანსა და სოფი ლორენთან ერთად ითამაშა მიუზიკლში ცხრა, რაც მისთვის შემოქმედებითი საფეხური აღმოჩნდა და მსახიობმა წარმატებით გადაინაცვლა დრამატულ ფლანგზე. გარდა ამისა, მან წარმატებით მოსინჯა ძალები თრილერსა და ტრაგიკომედიაშიც.
8. ჯონა ჰილი
- თავიდან: დაწკაპუნება, ბებიკოს ბიჭი, 21 ჯამფ სთრითი, ძიძა
- შემდეგ: მეომარი ძაღლები, Don’t Worry, He Won’t Get Far on Foot, მოხეტიალე
2 წლის წინ ჯონა ჰილმა თაყვანისმცემლები არა მარტო რადიკალურად შეცვლილი გარეგნობით, არამედ სამსახიობო ამპლუის ცვლილებითაც გააოცა. დიდი ხნის განმავლობაში ის გონებამახვილურ კომედიებში მონაწილეობდა და ფილმისთვის ძალიან ცუდი Teen Choice Awards-ზეც კი იყო ნომინირებული “საუკეთესო კომიკოსის” ნომინაციაში.
მაგრამ შემდეგ ჯონმა არჩევანი სერიოზულ პროექტებზე გააკეთა, იქ, სადაც თავის პროფესიულ სწრაფვას მეტად დაიკმაყოფილებდა. ჯონა ჰილმა მრავალ წარმატებულ ფილმში შეასრულა მეორეხარისხოვანი როლები, რომლებშიც მსახიობის დრამატული პოტენციალი მართლაც მთელი სიძლიერით გამოვლინდა.
9. სანდრა ბულოკი
- თავიდან: The Thing Called Love, Love Potion No. 9, მის კონგენიალურობა
- შემდეგ: The Blind Side, Extremely Loud & Incredibly Close, გრავიტაცია, ჩიტის ყუთი
ბევრი კოლეგის მსგავსად, სანდრამაც კომიკოსობით დაიწყო. მისი თავდაპირველი ნამუშევრები არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ სიჩქარესა და კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელ პროექტში გამოჩენის შემდეგ სანდრას პოპულარობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. მის კონგენიალურობაში შესრულებული მთავარი როლის შემდეგ მას ძალიან გაუჭირდა კომედიის საზღვრების გარღვევა, რადგან რეჟისორები მასში კომედიების იდეალურ მსახიობს ხედავდნენ. მაგრამ სანდრა არ დანებდა და ითამაშა ფილმში The Blind Side, რომელმაც მას ოსკარი და ოქროს გლობუსი მოუტანა. ამის შემდეგ კი მსახიობმა წარმატებით გადაინაცვლა დრამატულ ამპლუაში და არაერთი შესანიშნავი როლიც გვაჩუქა.
10. სტივ კარელი
- თავიდან: ყოვლისშემძლე ბრიუსი, გიჟური პაემანი; სულელი, უაზრო სიყვარული
- შემდეგ: მელიებზე მონადირე, დიდი შემცირება, ლამაზი ბიჭი
სტივ კარელი დრამატულ როლებში დიდი ხანი არაა, რაც გამოჩნდა. მანამდე ის აღიარებული კომიკოსი იყო. ყველაფერი 2014 წელს, მელიებზე მონადირის გამოსვლით დაიწყო, რომელშიც კარელმა სარდალ ჯონ დიუპონის როლი ითამაშა. მსახიობის პერფორმანსი კრიტიკოსებმა ძალზე დააფასეს და იგი ოსკარზეც კი იყო ნომინირებული. ამის შემდეგ კარელი ვუდი ალენის მელოდრამაში – მაღალი საზოგადოება და ბოლოდროინდელ დრამაში ლამაზი ბიჭი გამოჩნდა, რითაც კიდევ უფრო გაამყარა თავისი, როგორც ნიჭიერი დრამატული მსახიობის რეპუტაცია.
11. ბენ სტილერი
- თავიდან: შეხვედრა მშობლებთან, ღამე მუზეუმში, შეხვედრა ფოკერებთან, ზულენდერი
- შემდეგ: გრინბერგი, უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება, ბრედის სტატუსი
ბენ სტილერის, როგორც კომიკოსის ბრწყინვალე კარიერა MTV-ის გადაცემიდან, სახელად “ბენ სტილერის შოუ” დაიწყო. 90-იანების ბოლოს, ფილმში ყველა მერიზე გიჟდება გამოჩენის შემდეგ, მას დაუღალავად იწვევდნენ კომიკურ როლებზე.
მაგრამ სტილერმა გადაწყვიტა, კინოში მხოლოდ კომიკოსის სახელით არ დარჩენილიყო და მონაწილეობა მიიღო დრამაში გრინბერგი, შემდეგ კი ოქროს შუალედს მიაგნო. ის ცხოვრებისეულ, მსუბუქ, იუმორით სავსე დრამაში შესანიშნავად გრძნობს თავს.
12. რობერტ პატინსონი
- თავიდან: ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი, ბინდი, გარდამავალი ასაკი
- შემდეგ: წყალი სპილოებისთვის, კარგი დრო, ვარსკვლავებს მიღმა
როგორც ჩანს, ბინდის საგის შემდეგ რობერტ პატინსონს თავადაც არ სჯეროდა, რომ ედვარდ კალენის ჩრდილიდან გამოვიდოდა და სერიოზული როლების შესრულებას შეძლებდა. მან რამდენიმე როლის შესრულების შემდეგ დაასკვნა, რომ რომანტიკული შეყვარებულის ამპლუა დისკომფორტს უქმნიდა.
პატინსონმა ბედი დრამაშიც სცადა, არტჰაუსშიც და თრილერშიც – ყველგან მეტ-ნაკლებად წარმატებით, რითაც დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი მსახიობია. მისი უკანასკნელი ნამუშევარი ფანტასტიკაა სახელად ვარსკვლავებს მიღმა, ხოლო ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ DC მომდევნო ბეტმენად სწორედ რობერტს მოიაზრებს. საინტერესოა, რას უნდა ველოდეთ მისგან.
13. მიშელ უილიამსი
- თავიდან: სევდიანი ვალენტინი, 7 დღე მერლინთან ერთად, კუზიანი მთა, შეშლილთა კუნძული
- შემდეგ: შემთხვევით სექსუალური, ვენომი
მიშელ უილიამსი ყოველთვის სერიოზულ მსახიობად ითვლებოდა. ის მარტო ოსკარზე 4-ჯერ არის წარდგენილი – ორჯერ როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი და ორჯერ მეორეხარისხოვანი როლისთვის. გარკვეული შინაგანი ტრაგიზმის წყალობით მას იდეალურად გამოსდის დრამატული როლების თამაში. მაგრამ მსახიობს მეტი მრავალფეროვნება სურს და სწორედ ამიტომ, ამპლუის შეცვლას არ ერიდება. ბოლო ხანებში ის კონტრასტული ჟანრის პროექტებში ვიხილეთ: მსუბუქ კომედიაში (შემთხვევით სექსუალური) და კომიქსის ადაპტაციაში (ვენომი).
14. ტომ კრუზი
- თავიდან: 4 ივლისს დაბადებული, წვიმის კაცი, ვანილის ცა, ფართოდ დახუჭული თვალები
- შემდეგ: თანამოაზრე, სამყაროთა ომები, მუმია, მომავლის ზღვარი, ჯეკ რიჩერი
ტომ კრუზის კარიერა მრავალფეროვანი როლებითაა დატვირთული. თავდაპირველად იგი ფრენსის ფორდ კოპოლამ შეამჩნია და ფილმში – გარიყულნი – გადაიღო. 26 წლისამ მან დრამაში წვიმის კაცი ითამაშა და ამას დაუვიწყარი როლების, ლეგენდარული რეჟისორებისა და ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროექტების ცვენა მოჰყვა. შესაბამისად, კრუზს ამპლუის შეცვლის მოთხოვნილება წესით არ უნდა ჰქონოდა.
თუმცა 2004 წელს მსახიობი ქილერის როლში მოგვევლინა (თანამოაზრე) და მას შემდეგ კრუზი უმეტესად სწორედ ნაირნაირ მძაფრსიუჟეტიან, საბრძოლო, ფანტასტიკურ ფილმებსა და კრიმინალურ თრილერებს ანიჭებს უპირატესობას.