სახლები კინო და სატელევიზიო პროდუქტებში ჩვეულებრივი სახლებისგან განსხვავდება. მართალია მათი დიდი ნაწილი რეალურ ადგილებში მდებარეობს, მაგრამ მაინც ძალიან განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანების საცხოვრებელი სახლებისგან. მიუხედავად ამისა, კინომოყვარულებს ძალიან აინტერესებთ კინოდან და სერიალიდან კარგად ნაცნობი სახლების რეალობაში ნახვა, ამიტომ ლოკაციებს, სადაც ეს სახლები მდებარეობს, ყოველწლიურად მრავალი მნახველი ჰყავს; იმდენად, რომ ამ სახლების რეალური მფლობელები წუხდებიან კიდეც.
მაშ ასე, სანამ მათი რეალობაში ნახვის შანსი მოგეცემათ, ერთად დავათვალიეროთ და ახლოდან გავიცნოთ ყველაზე ცნობილი სახლები საყვარელი კინოფილმებიდან და სერიალებიდან.
1. სასოწარკვეთილი დიასახლისების სახლ(ებ)ი
ვისტერია ლეინი – ეს გამოგონილი ქუჩის სახელია, რომელზეც სასოწარკვეთილი დიასახლისების მთელი დრამები თამაშდება. შოუს სიუჟეტი ძირითადად ამ ქუჩის მეზობლების ცხოვრების გარშემო ვითარდება. ვისტერია ლეინი სინამდვილეში ჰოლივუდშია და Universal Studios-ს კუთვნილ ტერიტორიას ეკუთვნის. ამ ქუჩას კოლონიალ სტრიტი ეწოდება და მასზე უამრავი მხატვრული ფილმი და ტელეშოუ გადაუღიათ (ამ მრავალთა შორის იყო ბაფი ვამპირების გამანადგურებელიც).
2. აპარტამენტი მეგობრებიდან
ნიუ-იორკში, გრინვიჩ ვილიჯზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხი ირევა გროუისა და ბედფორდსტრიტების კუთხეში მდებარე აპარტამენტის მოსაძებნად. სწორედ აქ მდებარეობს მეგობრების ცნობილი ბინა. ის იმდენად პოპულარული ლოკაციაა, რომ ნიუ-იორკის ტურისტულ მარშრუტებშიც კი არის შეტანილი.
3. დექსტერის აპარტამენტი
მიუხედავად იმისა, რომ დექსტერის დიდი ნაწილის მოქმედება მზიან კალიფორნიაში მიმდინარეობს, დექსტერის პალმ ტერასის აპარტამენტი, რომელიც შოუს თითქმის ყველა ეპიზოდში ჩანს, ერთ-ერთია იმ იშვიათი ლოკაციებიდან, რომლებიც მართლა სამხრეთ ფლორიდაში მდებარეობს. რეალობაში აპარტამენტი მაიამი ბიჩზე მდებარეობს და ბეი ჰარბორ ქლაბის შენობას ეკუთვნის.
4. მცურავი სახლი ფილმიდან უძინარები სიეტლში
ეს მშვენიერი, ტივზე აგებული სახლი, რომელიც უესტლეიკ ავენიუზე, ლეიკ იუნიონის ჩრდილოეთით მდებარეობს, სიეტლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა ის სემ ბოლდუინს ნამდვილად არ ეკუთვნის. 1993 წელს ფილმში უძინარები სიეტლში გადაღებული ცნობილი მცურავი სახლი 2014 წელს 2 მილიონ დოლარად გაიყიდა და როგორც ცნობილია, ახალმა პატრონმა მასში საზაფხულო სახლი მოაწყო წვეულებებისთვის.
5. დაუნტონის სააბატოს სასახლე
ეს მასიური და შთამბეჭდავი სასახლე, სახელად ჰაიკლერი ინგლისში, ჰემპშირში მდებარეობს. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა სერიალ დაუნტონის სააბატოდან. სწორედ ამ მიზეზის გამო სასახლე და მისი შემოგარენი გარეშე პირებისთვის დაიკეტა.
6. სახლი ფსიქოდან
შეიძლება ითქვას, ეს სახლი კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო შენობაა. ბეიტს მენსიონი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც “ფსიქოს სახლი”, რომელშიც სასტიკი დანაშაულები ხდებოდა, ჰოლივუდის Universal Studio-ის კუთვნილ მიწაზე 1959 წლიდან დგას. წლების განმავლობაში შენობა გააფართოვეს, განაახლეს, ადგილი შეუცვალეს და ფაქტობრივად თავიდან ააშენეს. ამ პირქუში სახლის დათვალიერება კინომოყვარულებს სტუდია უნივერსალის ტურის ფარგლებში შეუძლიათ.
7. ბითლჯუსის სახლი
ტიმ ბარტონის უჩვეულო და ექსცენტრული მოჩვენება ბითლჯუსი კონექტიკუტის შტატის მკვიდრია, თუმცა სინამდვილეში ფილმი ვერმონტის შტატ ისტ კორინთშია გადაღებული. გორაკზე მდებარე დიდებული ძველი აგარაკი სინამდვილეში სპეციალურად ფილმისთვის აგებული ბუტაფორიული სახლი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, მოგვიანებით დაანგრიეს.
8. ფორესტ გამპის სახლი
ყველას ახსოვს დიდებული სახლი, ალაბამას შტატ გრინბოუში, სადაც ფორესტი და მისი დედიკო ცხოვრობდნენ. სინამდვილეში ეს სახლი სპეციალურად, ნაჩქარევად ააგეს ფილმისთვის, გადაღებების შემდეგ კი დაანგრიეს. მეტიც: სახლი ალაბამაშიც არ ყოფილა. ის სამხრეთ კაროლინაში მდებარეობდა.
9. სახლი ფილმიდან საშინელება თელების ქუჩაზე
წითელკარიანი თეთრი სახლი 80-იანების ჰორორ კლასიკიდან ლოს-ანჯელესში მდებარეობს. 2013 წელს სახლი, საფუძვლიანი რემონტისა და განახლების შემდეგ 2.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. იმედია, მის მფლობელებს ფრედი კრიუგერის არ ეშინიათ.
10. აპარტამენტი ნოთინგ ჰილიდან
ამ მშვენიერი მელოდრამის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ლურჯკარიანი სახლი, რომელშიც ჰიუ გრანტის გმირი ცხოვრობს და რომლის წინაც ელოდება ჯულიას გმირს პაპარაცების ზღვა. შეიძლება არ იცოდეთ, რომ ამ შენობაში მდებარე ბინაში ფილმის სცენარისტი რიჩარდ კერტისი ცხოვრობდა. სახლის ინტერიერი კი ლონდონში, ნოთინგ ჰილში, უესტბორნის პარკ როუდის 80-შია გადაღებული. ფილმის უდიდესი წარმატების შემდეგ კერტისმა ეს ბინა გაყიდა და ფეშენებელური სახლი იყიდა.
11. სახლი ფილმიდან ქარწაღებულნი
ქარწაღებულნის ფანებს სკარლეტ ო’ჰარას სახლს, “ტარას” ნახვა ატლანტადან სამხრეთით 30 წუთის სავალზე შეუძლიათ. კეიტონ ქანტი, ანუ “ქარწაღებულნის ოფიციალური სახლი”, რომელშიც მარგარეტ მიტჩელის რომანის მოქმედება მიმდინარეობს. სახლი სინამდვილეში ბუტაფორიულია, მხოლოდ ფასადი აქვს და შინგით ოთახები არაა.
12. მაკალისტერების სახლი ფილმიდან მარტო სახლში
1990 წელს ჯონ და სინტია აბენდშინებმა თავიანთი სახლის კარი მარტო სახლშის გადამღებ ჯგუფს გაუღეს. მათ ალბათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა განუზომელ პოპულარობას მოიპოვებდა მათი სახლი. საბოლოოდ წყვილმა ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე სახლი, რომელსაც ოთხი საძინებელი და ოთხი სააბაზანო ოთახი ჰქონდა, 2012 წელს თითქმის 1.6 მილიონად გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი დღესაც დიდებულად გამოიყურება, წლების განმავლობაში მან ბევრი ცვლილება განიცადა და დიდად აღარც ჰგავს მაკალისტერების ყველასთვის საყვარელ სახლს.