თუ თქვენ გსმენიათ შესანიშნავი და კომპლექსური ჟანრის შესახებ, რომელსაც იუმორისტული ფენტეზი/ფანტასტიკა ჰქვია, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ მწერლების – ნილ გეიმანისა და ტერი პრეტჩეტის ერთობლივი ნამუშევარი “კარგი ნიშნები” (Good Omens). ესაა ფანტასტიკური რომანი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში მოახლოებულ აპოკალიფსზე, ანტიქრისტესა და ანგელოზებზე განუმეორებელი იუმორითა და სიმსუბუქით მოგვითხრობს. წიგნმა გამოსვლისთანავე მოიპოვა ჟანრის დამფასებელთა სიყვარული, თუმცა Amazon-ისა და BBC-ის წყალობით მან მსოფლიოს ყველა კუთხეში ჩააღწია სრულიად ახალი, ამავე სახელწოდების სერიალით, რომელიც უკვე თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ლიტერატურული ნაწარმოებების საუკეთესო ეკრანიზაციებს.
დღეს სწორედ მინისერიალში გაცოცხლებული დიდებული ლიტერატურული ქმნილების შესახებ გესაუბრებით და ვეცდებით დაგარწმუნოთ, რატომ უნდა გადადოთ ყველაფერი, გამონახოთ რამდენიმე საათი (ან თუნდაც საღამო) და აუცილებლად ნახოთ კარგი ნიშნები.
1. ლიტერატურული პირველწყარო
“ამაზონის” მიერ ბრიტანელი იუმორისტული ფენტეზი/ფანტასტიკის კლასიკოსის, ტერი პრეტჩეტისა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უპოპულარულესი ავტორის, ნილ გეიმანის ცნობილი რომანის ტელეადაპტაციის დაანონებას ამ იუმორისტულ-აპოკალიფსური ფენტეზის ფანები ეჭვით შეხვდნენ, თუმცა იმედითაც, რადგან ადაპტაციაზე თავად წიგნის თანაავტორი, ნილ გეიმანი მუშაობდა. საბედნიეროდ, მან მოახერხა ამ მართლაც მრავალფეროვანი, იუმორით სავსე სიუჟეტისა და შესანიშნავი პერსონაჟების განსხვავებულ ფორმატზე მორგება ისე, რომ არ დაკარგულიყო წიგნის ავთენტურობა და ამავე დროს, სერიალი სანახაობრივი გამოსულიყო. თავად ნაწარმოები, სახელად “კარგი ნიშნები” მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ახლოვდება არმაგედონი, რომელსაც ქვესკნელისა და ზესკნელის ძალები ერთნაირი აზარტით ელიან, რათა ბნელსა და ნათელს შორის საბოლოოდ ერთ-ერთმა გაიმარჯვოს, ხოლო ის, თუ რა შედეგებს მოუტანს აპოკალიფსის მიერ გამოწვეული კატასტროფა დედამიწასა და კაცობრიობას, საერთოდ არ აღელვებთ… მაგრამ კაცობრიობას დამცველად ორი ანგელოზი მოევლინება – ერთი დაცემული, მეორე კი – ზეციური… და ეს ამბის მხოლოდ დასაწყისია…
“კარგი ნიშნების” ლიტერატურული პირველწყაროთი დაინტერესებულებს შეუძლიათ ამ თავბრუდამხვევ თავგადასავალს ქართულ თარგმანშიც გაეცნონ.
2. დიდებული სამსახიობო გუნდი
პროექტში თავი მოიყარა უნიჭიერესი მსახიობების გუნდმა, რომელთა შორის არიან როგორც ბრიტანელი, ისე ამერიკელი მსახიობები. მთავარი როლის შემსრულებლების – ფანტასტიკის ჟანრის ფავორიტის, დევიდ ტენანტისა და მაიკლ შინის (რომელიც აზირაფელის როლში უბრალოდ გენიალურია) გარდა უნდა აღინიშნოს ჯონ ჰამის (მთავარანგელოზი გაბრიელი), მირანდა რიჩარდსონის (მადამ ტრეისი), მაიკლ მაკკინის (ალქაჯებზე მონადირე სერჟანტი შედუელი) და რამდენიმე ახალგაზრდა, შედარებით ნაკლებ ცნობილი მსახიობის პერფორმანსი, რაც სერიალის მაღალი ხარისხის მნიშვნელოვანი შტრიხია.
3. დამაფიქრებელი თემები
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი სახალისოა, აპოკალიფსური თემატიკა კი – სატირითა და იუმორით მოწოდებული, სერიალი მაინც ახერხებს სერიოზულ თემებზე დაგვაფიქროს. ბოლოს და ბოლოს, ბოროტები არიან ადამიანები თუ კეთილები? სად არის ბარიერი, რომლის მიღმა გადაბიჯებაც არ შეიძლება? ვინაა დამნაშავე ადამიანების კეთილ თუ ბოროტ ქმედებებში – ბნელი და ნათელი ანგელოზები თუ თავიანთივე არჩევანი? შეიძლება თუ არა დემონი კროულივით სიმპათიური და ჰუმანური იყოს? რეალურად რა საფრთხე ელის დედამიწას, თუ აპოკალიფსის ოთხ მხედარს – ომს, შიმშილს, დაბინძურებასა და სიკვდილს გაბატონების საშუალებას მივცემთ? დიახ, სწორედ ასეთ დამაფიქრებელ კითხვებს გვიჩენს ეს სერიალი, რომლის იუმორისა და ირონიის მიღმა საინტერესო მორალური დილემები იმალება.
4. წმინდად ბრიტანული შოუ
კარგი ნიშნების მემონტაჟეებმა ისე შესანიშნავად მოახერხეს ზებუნებრივი ძალებისა და მიწიერი ბრიტანეთის შერწყმა, რომ სერიალმა ბევრს ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროც კი მოაგონა. შოუ ამ მხრივაც, ისევე როგორ სხვა ასპექტებში, თავით ფეხამდე ბრიტანულია, ძალიან ბრიტანული… იუმორი, ეფექტები, სცენარი, კოსტიუმები… ეს ყველაფერი კარგ ნიშნებს ამერიკული შოუებისგან განასხვავებს და ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვინც ბრიტანულ პროდუქტს აფასებს.
5. ზედგამოჭრილია დროში შეზღუდული მაყურებლისთვის
კარგი ნიშნები სწორედ ისეთი ტელეშუა, რომელიც თანამედროვეობის სწრაფ რიტმს იდეალურად ერგება. მისთვის დროის გამონახვა განსაკუთრებულ ზეციურ ან დემონურ ძალებს არ მოითხოვს, რადგან ის სულ რაღაც 6 სერიისგან შედგება. ამ ექვსი ბრწყინვალე, თავბრუდამხვევი, განუმეორებელი ამბებით სავსე ეპიზოდების გონივრულად გადანაწილება თქვენთვის მოგვინდვია, თუმცა გპირდებით, მათი მიყოლებით არნახვა გაგიჭირდებათ. და მეტიც, კარგი ნიშნები ერთ-ერთი ისეთი შოუა, რომლის განეორებით ყურებაზე უარს ბევრი ვერ იტყვის.
6. შესანიშნავი ქალი პერსონაჟები
სიუჟეტის მიმდინარეობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ სხვადასხვა ეპოქისა და ასაკის პერსონაჟი ქალები: შუა საუკუნეების წინასწარმეტყველი აგნეს ნატერით დაწყებული, ადამ იანგის მეგობრით, პეპერით დამთავრებული, ყოველი მათგანი ძლიერი, უშიშარი და გონიერი ადამიანია, რომლებიც არავითარ დაბრკოლებას არ უშინდებიან – ალქაჯთმდევნელების, დემონებისა თუ თვით ანტიქრისტეს წინაშე მდგომები უკან არ იხევენ და საკუთარ სათქმელს მაინც ამბობენ. კარგი ნიშნები ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული ნაწარმოებია.
7. ქროული და აზირაფელი
ეს ორი შოუს მარგალიტია – და თანამედროვე კულტურის არამატერიალური ძეგლი! წიგნის მოყვარულები განსაკუთრებით ღელავდნენ იმაზე, თუ ვინ განასახიერებდა რომანის მთავარ ქარიზმატულ წყვილს: დაცემულ ანგელოზს, უფრო სწორად, გველს – ქროულის და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მის მეგობრად ქცეულ ანგელოზ აზირაფელს. ამ საპასუხისმგებლო როლებზე დევიდ ტენანტისა და მარტინ შინის არჩევა დიდებული სვლა იყო, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დაგვერწმუნეთ, მათ მიერ განსახიერებული ქროული და აზირაფელი სატელევიზიო ისტორიაში მუდამ ერთ-ერთ გამორჩეულ და საუკეთესო დუეტად დარჩება.
8. ოსტატურად დახატული პერსონაჟები
სერიალის ყოველი პერსონაჟი თავისებურად დაუვიწყარია და ამაში მათ შემქმნელებს – ტერი პრეტჩეტსა და ნილ გეიმანს უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ ახალ მედიუმში სული შესანიშნავმა მსახიობებმა შთაბერეს. ადამიანები, დემონები თუ ანგელოზები – ყოველი “კასტა” იდეალურადაა დახატული, ოსტატის სიზუსტითა და დეტალებზე აქცენტით, რაც მთავარია, იუმორითა და მსუბუქი სარკაზმითაც. საოცარი პერსონაჟებისა და სიუჟეტის კომბინაცია კი მართლაც გამორჩეული ხარისხის პროდუქტს ქმნის.
9. ასეთ მომხიბლავ ანტიქრისტეს ვერსად ნახავთ
ბედის ირონიის, ღვთის მიუწვდომელი ნებისა თუ დაუდევრობის წყალობით სატანის ნაშიერი, რომელიც ამერიკის ელჩის შვილად უნდა გაესაღებინათ, შემთხვევით ერთ პროვინციულ ინგლისურ ოჯახში მოხვდა, სრულიად ადამიანური სახელი ადამ იანგი დაერქვა და სრულიად ჩვეულებრივი ბავშვივით გაიზარდა. გარეგნულად ანგელოზის მსგავსი ადამი იმდენად საყვარელი და მიმზიდველი ბავშვია, რომ საკუთარ მე-11 დაბადების დღეზე საგანგებოდ ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი მისი მორჩილი დემონური ქოფაკიც კი პატარა ალერსიან ძაღლად “მოდიფიცირდა”. სამ განუყრელ მეგობართან ერთად ტედფილდის მინდვრებში მოხეტიალე და ათასგვარი თამაშის მომგონი ანტიქრისტე თავის თავში თანდათანობით იგრძნობს დემონურ ძალებს, თუმცა საკითხავია, საით და რისთვის წარმართავს მათ…
10. მუსიკა
დღეს კარგი შოუ კარგი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. კარგი ნიშნები ამ მხრივაც შესანიშნავია. მისი შესანიშნავი გამხსნელი თემა თავისი ინსტრუმენტალით საოცრად ერგება შოუს სულისკვეთებას და თითქოს ყველას თავბრუდამხვევ თავგადასავალში მიგვიძღვის. გამორჩეულია ქროულის განუყრელი მუსიკაც – “დემონური” როკენროლი QUEEN-ის შესრულებით, რომელიც თავბრუდამხვევი რბოლის მოყვარული მომხიბლავი დემონის ბენტლიში ჟღერს. ზოგადად კი მუსიკალური გაფორმება ამ სრულყოფილი, ფერადოვანი ნამუშევრის დამაგვირგვინებელი შტრიხია და კიდევ ერთი მიზეზი კარგი ნიშნების სანახავად.